გუშინ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ (DOJ) Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ბრალდებით, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა ანტიმონოპოლიური კანონები დაარღვია და შეერთებულ შტატებში სმარტფონების ბაზარზე კონკურენცია მონოპოლიით ჩაახშო.
იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, გუშინ 16 შტატისა და რაიონის გენერალურმა პროკურორებმა ნიუ ჯერსის ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი იმის შესახებ, რომ Apple-მა კონკურენციისა და iPhone-ის სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შეზღუდვით ამერიკელი მომხმარებლები და დეველოპერები დააზარალა. მათ ასევე განაცხადეს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი მომხმარებლებს, სხვადასხვა ანტიკონკურენტული ტაქტიკის საშუალებით, აიძულებს, მეტი ფული დახარჯონ Apple-ის პროდუქტებზე.
„Apple-მა სმარტფონების ბაზარზე მონოპოლიური ძალაუფლება შეინარჩუნა არა უბრალოდ კონკურენციაზე არსებითად მაღლა დადგომით, არამედ ფედერალური ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევით“ — განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ Apple-მა გამოიყენა სტრატეგია, რომელიც ეყრდნობა ექსკლუზიურ, ანტიკონკურენტულ ქცევას, რომელიც აზიანებს როგორც მომხმარებლებს, ისე — დეველოპერებს“.
DOJ ამტკიცებს, რომ Apple ახორციელებდა კონტროლს იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებენ აპლიკაციები Apple-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან და მომხმარებლებისთვის ხშირად ართულებდა ან აძვირებდა iPhone-თან ინტეგრირებულად არა-Apple სმარტ საათების გამოყენებას.
მერიკ გარლანდის თქმით, კომპანიამ განზრახ დააქვეითა არა-Apple პროდუქტების და სხვა აპლიკაციების ისეთი ფუნქციების ხარისხი, როგორებიც არის შეტყობინებები, რათა მომხმარებლებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ Apple-ის პროდუქტები აღმატებულია.
სარჩელში ასევე მოხსენიებულია Apple Wallet, რომელიც, გარლანდის თქმით, უსაფუძვლოდ რთავს Apple-ს ტრანზაქციაში. მისი თქმით, ციფრული საფულე შეიძლება უშუალოდ მომხმარებელსა და საკრედიტო ბარათის გამცემს შორის თანამშრომლობით შეიქმნას. ტრანზაქციაში Apple-ის ჩართვა კი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის რისკებს ქმნის.
DOJ-ის განცხადებით, Apple ხშირად გამოიმუშავებს ფულს ლიცენზირებისა და სხვა გადასახადების საშუალებით კონტენტზე ან სერვისებზე, რომელთა შექმნაშიც კომპანიას მონაწილეობა არ მიუღია. მცირე კომპანიები და აპლიკაციების შემქმნელები კი, ფულის გამოსამუშავებლად, iPhone-ის მომხმარებლებზე წვდომას ეყრდნობიან, რაც Apple-ს საშუალებას აძლევს, თითოეული ტრანზაქციისგან დიდი პროცენტი მიიღოს.
მერიკ გარლანდმა თქვა, რომ უბრალოდ პოპულარული პროდუქტის ფლობა და მონოპოლიური კონტროლის დამსახურებულად მოპოვება ანტიმონოპოლიურ კანონებს არ არღვევს. თუმცა, თუ კომპანია ეცდება კონკურენციის ჩახშობას მონოპოლიური ძალაუფლების მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად, იუსტიციის სამინისტრო, მომხმარებლების დასაცავად, ანტიმონოპოლიურ კანონს აღასრულებს. მერიკმა აღნიშნა, რომ Apple აშშ-ში, სავარაუდოდ, სმარტფონების ბაზრის 70%-ზე მეტს აკონტროლებს.
საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ სწორედ მსგავსი ანტიმონოპოლიური სარჩელი დაეხმარა Apple-ს განვითარებაში 2000-იანი წლების დასაწყისში. მაშინ იუსტიციის სამინისტრომ უჩივლა Microsoft-ს, რის შედეგადაც კომპანიებს, როგორიცაა Apple, საშუალება მიეცა, iTunes-ის მსგავსი პლატფორმები მომხმარებლებისთვის Windows სისტემისთვისაც შეეთავაზებინათ.
ანალიტიკოსების შეფასებები
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $171.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $204.86-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.