მრავალთვიანი პროცესის შემდეგ, ოთხშაბათს NBA-მ (ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია) გამოაცხადა ახალი 11-წლიანი ტრანსლირების გარიგების გამარჯვებულები: Walt Disney-ის (DIS) ABC და ESPN; Comcast-ის (CMCSA) განყოფილების — NBCUniversal-ის NBC და Peacock სტრიმინგ სერვისი; და Amazon-ის (AMZN) Prime Video.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ გარიგების ღირებულება $77 მილიარდს აღწევს.
ახალმა გარიგებამ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა Warner Bros. Discovery (WBD), რომლის TNT Sports განყოფილება NBA-ის მატჩების ტრანსლირების უფლებებს 1980-იანი წლების ბოლოდან ფლობდა.
Warner Bros. Discovery-ის ჰქონდა საკონტრაქტო უფლება1, დამთხვეოდა Amazon-ის შეთავაზებას, რომელიც NBA-სთვის წლიურად $1.8 მილიარდის გადახდას გულისხმობს. WBD ასეც მოიქცა, მაგრამ აშშ-ის ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ საბოლოოდ არჩევანი ელექტრონული კომერციის გიგანტზე გააკეთა.
ახალი გარიგების დეტალები
2025-26 წლების სეზონიდან დაწყებული, 2035-36 წლების კამპანიის ჩათვლით, მედია და ტექნოლოგიური გიგანტები ყოველ სეზონზე სატელევიზიო ეთერში გააშუქებენ დაახლოებით 75 რეგულარული სეზონის თამაშს. წინა გარიგებას, რომელიც მინიმუმ 15 თამაშის გაშუქებას გულისხმობს, ვადა შემდეგი სეზონის შემდეგ გასდის. NBA-ის თამაში ხელმისაწვდომი იქნება სტრიმინგ პლატფორმებზე: Prime Video, Peacock და ESPN-ის direct-to-consumer2 სერვისი.
ეს გარიგება ასევე მოიცავს ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) თამაშებს, რომელთა ტრანსლირების საერთო ღირებულება $2.2 მილიარდს შეადგენს.
„ჩვენი ახალი გლობალური მედია შეთანხმებები Disney-სთან, NBCUniversal-თან და Amazon-თან მაქსიმალურად გაზრდის NBA-ის თამაშების ხელმისაწვდომობას გულშემატკივრებისთვის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში“ — ამბობენ NBA-ის წარმომადგენლები. „ეს პარტნიორები მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩვენს კონტენტს პლატფორმების ფართო სპექტრზე გაავრცელებენ და გულშემატკივრებისთვის გამოცდილების გარდაქმნას შეუწყობენ ხელს“.
„Warner Bros. Discovery-ის უახლესი წინადადება არ ემთხვეოდა Amazon Prime Video-ს შეთავაზების პირობებს და, შესაბამისად, ჩვენ გრძელვადიანი შეთანხმება Amazon-თან დავდეთ“ — აცხადებენ NBA-ში.
[1] ეს არის A-ს დაპირება B-სთვის, რომ თუ A მიიღებს შეთავაზებას სხვა მხარისგან (C), ის ამის შესახებ შეატყობინებს B-ს და, თუ B C-ის ანალოგიური შეთავაზების გაკეთებას მოისურვებს, A დადებს კონტრაქტს B-სთან და არა — C-სთან.
[2] DTC არის მოდელი, რომლის მიხედვითაც ბრენდი თავის პროდუქტს ან მომსახურებას პირდაპირ მომხმარებელზე ყიდის.