როდესაც საქმე ეხება ისეთი დიდი მიზნის მიღწევას, რომელიც შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა შეუძლებლად მიიჩნიოს, შესაძლებლობებზე ფოკუსირებული აზროვნება საკვანძოა.
თუმცა, თუ ზედმეტად გადაეშვებით ოცნებების სამყაროში, თქვენი მიზანი მუდამ იქ დარჩება. ხოლო თუ რადიკალურად განსხვავებულ გზას აირჩევთ, შესაძლოა, კრეატიულობისა და ინოვაციურობის ნაკლებობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ.
როგორ უნდა დაიცვათ ბალანსი?
იყავით ჰიპერრეალისტი
რეი დალიო ცნობილი ამერიკელი ინვესტორია, რომელმაც ინვესტირება სულ რაღაც 12 წლის ასაკში დაიწყო და ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია. ინვესტიციებისადმი გამჭრიახმა მიდგომამ მას ფინანსურ ინდუსტრიაში დიდი აღიარება მოუტანა. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰეჯ-ფონდის — Bridgewater Associates-ის დამფუძნებელს, რეის საკმაოდ დიდი ცოდნა დაუგროვდა, რომელსაც იგი დროდადრო საზოგადოებას უზიარებს.
მილიარდერი ამერიკელი ინვესტორი, ავტორი წიგნისა — Principles: Life and Work, გვირჩევს, მიზნების მისაღწევად საკუთარ ზემოთ აღწერილი ორივე ტიპის მდგომარეობა გამოვიყენოთ. იგი განმარტავს:
„არასწორად არ გამიგოთ: მე მჯერა ოცნებების ასრულების. ჩემთვის ამაზე უკეთესი არაფერია ცხოვრებაში. ოცნებებისკენ სწრაფვა არის ის, რაც სიცოცხლეს ხალისს ანიჭებს. ჩემი აზრით, ადამიანები, რომლებიც დიდ საქმეებს აკეთებენ, უმოქმედო მეოცნებეები არ არიან — ისინი სრულიად აღიქვამენ რეალობას. ჰიპერრეალისტურობა დაგეხმარებათ, გონივრულად შეარჩიოთ ოცნებები და შემდეგ მიაღწიოთ მათ“.
ჩვენმა ამაღლებულმა ოცნებებმა და მიზნებმა შეიძლება მიგვიყვანოს იდეალისტურ მდგომარეობამდე, რომელსაც პრაქტიკულობა აკლია. ეს კი სასურველის მიღწევაში ხელს შეგვიშლის.
რეალობა ხშირად მტკივნეულია, თუმცა იმისათვის, რომ თქვენს დიდ მიზნებსა და ამბიციებში გარკვეული რეალიზმის დანერგვა დაიწყოთ, ტკივილს ნუ მოერიდებით. ის, როგორც წესი, ფიზიკურ კონტექსტში განიხილება, მაგრამ შეიძლება მრავალი სახით გამოვლინდეს.
მაგრამ, როგორც დალიო თავის წიგნში აღნიშნავს, „ტკივილს პლუს რეფლექსია უდრის პროგრესს“. ისწავლეთ, აღიქვათ ტკივილი, როგორც სიგნალი იმისა, რომ სწორ გზაზე დგახართ. მიჰყევით იმ ქმედებებსა და ჩვევებს, რომლებიც დისკომფორტს გაგრძნობინებთ. თვალი გაუსწორეთ ტკივილს ნაცვლად იმისა, რომ მას თავი აარიდოთ.
როდესაც თქვენი ბიზნესის მშენებლობას, საოცნებო კარიერისკენ ან სხვა მიზნებისკენ სწრაფვას დაიწყებთ, ნუ კონცენტრირდებით იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ყველაფერი. ამის ნაცვლად, მიიღეთ მდგომარეობა ისე, როგორიც ის სინამდვილეში არის. სწორედ აქედან შეძლებთ დაიწყოთ სასურველი მომავლის შენება.