Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ კომპანიის შემდეგი თაობის ხელოვნური ინტელექტის ჩიპი, სახელწოდებით Rubin, 2026 წელს გამოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიპების ახალი ოჯახის შესახებ დეტალების დიდი ნაწილი საიდუმლოდ შეინახა, კვირას, ტაივანის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ გამოფენაზე, ჯენსენმა თქვა, რომ ისინი ახალ გრაფიკული (GPU) და ცენტრალური დამუშავების ერთეულებს (CPU), ასევე ქსელურ ჩიპებს მოიცავს. გარდა ამისა, აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ახალი CPU-ს სახელწოდება იქნება Versa და შემდეგი თაობის GPU-ებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების გასაძლიერებლად გამოიყენება, მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერება ექნება.
ყოველწლიურად ჩიპების ახალი ოჯახის გამოშვების გეგმა
Nvidia-ს ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ მენეჯმენტი ყოველწლიურად ჩიპების ახალი ოჯახის გამოშვებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ახლა ეს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩიპების სხვა მწარმოებლები, როგორებიც არიან Advanced Micro Devices და Intel AI სივრცის ნაწილის დაკავებას ცდილობენ, ამჟამად Nvidia მაინც ამ ბაზრის დაახლოებით 80%-ს აკონტროლებს.
ამავდროულად, Nvidia გეგმავს, თავისი Blackwell ჩიპების ოჯახი მიმდინარე წელს გამოუშვას. პირველი კვარტლის ანგარიშის გამოქვეყნებისას ჰუანგმა ინვესტორებს უთხრა, რომ Blackwell პლატფორმა სრულ წარმოებაშია, მეორე კვარტალში მიწოდების დაწყება, ხოლო მესამე მეოთხედში გაზრდა იგეგმება.
Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონს მიუახლოვდა
გარდა ამისა, Nvidia-ს ბოლო კვარტალური ანგარიში შესანიშნავი იყო და მაისის განმავლობაში ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 127%-ით არის გაუმჯობესებული.
Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად დაახლოებით $2.7 ტრილიონს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ Microsoft-ს და Apple-ს ჩამოუვარდება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,138.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,198.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $870.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.