Tesla შეერთებულ შტატებში 2 მილიონზე მეტ ავტომობილს გაიწვევს, რათა მათ, ავტოპილოტის ფუნქციისთვის, ახალი დამცავი საშუალებები დაუყენოს.
ეს პროცესი აშშ-ში Tesla-ს თითქმის ყველა ელექტრომობილს შეეხება და კომპანიას საკუთარ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ გაწვევასთან ექნება საქმე. ეს ნაბიჯი მოჰყვა საავტომობილო გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) მიერ ჩატარებულ ორწლიან გამოძიებას ავარიების სერიის შემდეგ, რომლებიც Tesla-ს ავტოპილოტის ან Traffic Aware Cruise Control-ის ფუნქციებთან იყო დაკავშირებული.
NHSTA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც Tesla-ს ავტომობილში ჩართულია Autosteer ფუნქცია, მძღოლი მაინც არის პასუხისმგებელი ტრანსპორტის მოძრაობაზე. ამასთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლების თანახმად, ამჟამად არსებული კონტროლის მექანიზმი შეიძლება არ იყოს საკმარისი მძღოლის არასწორი ქმედებებით გამოწვეული შედეგების პრევენციისთვის. ამ ყველაფერმა კი ავარიის შანსები გაზარდა.
NHSTA-ს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ Tesla-ს ავტომობილებს, გაწვევის შემდეგ, დაემატება კონტროლის ახალი მექანიზმები და გაფრთხილების საშუალებები, რომლებიც მძღოლებს მეტი ფოკუსირების საშუალებას მისცემს.
Tesla-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება დასკვნებს, მაგრამ კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის უფასო ონლაინ განახლებას შესთავაზებს ყველა დაზარალებული ავტომობილის მფლობელს 2023 წლის 12 დეკემბერს ან მის შემდეგ. NHTSA გამოძიება დარჩება ღია, სანამ ის განახლებების ეფექტიანობას შეისწავლის.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში Tesla-მ გაიწვია 360,000 ავტომობილი, რათა სრული თვითმართვის (FSD) შესაძლებლობების ბეტა ვერსიასთან დაკავშირებით პრობლემა გამოესწორებინა.
გუშინ ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერის აქციების ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 121%-ით არის გაუმჯობესებული.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $239.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $245.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.