ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინვესტორები, სავარაუდოდ, შეაწუხა bear market-ის, ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების შესახებ სათაურების მზარდმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ Nasdaq Composite ინდექსი დღემდე დაახლოებით 28.4%-ით დაეცა (და მრავალი ტექნოლოგიური აქცია ბევრად უარეს მდგომარეობაშია), ზოგიერთი ტექნოლოგიური კომპანია გამძლეობის ნიშნებს აჩვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ მისი აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 41%-ით არის შემცირებული, Advanced Micro Devices-ის პირველი კვარტლის შედეგებმა ინვესტორებს კომპანიის მიმართ კეთილგანწყობისთვის მრავალი მიზეზი მისცა. მოდით, ჩავუღრმავდეთ პირველ კვარტალს და განვსაზღვროთ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომავლის პერსპექტივები.
პირველი კვარტლის შთამბეჭდავი შედეგები
AMD-მა 2022 წლის პირველ კვარტალში $5.9 მილიარდის მოცულობის შემოსავალი დააფიქსირა, რაც წლიდან წლამდე 71%-ით ზრდაა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველი კვარტლის შედეგები ნაწილობრივ კომპანიის მიერ Xilinx-ის შეძენით გამოწვეულ ფინანსურ შედეგებსაც მოიცავდა. Xilinx-ის წვლილის გამოკლებით, AMD-ის პირველი კვარტლის შემოსავალმა $5.3 მილიარდი შეადგინა, რაც კომპანიისთვის რეკორდული კვარტალური მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლის მაღალი ორნიშნა ზრდა შთამბეჭდავია, ალბათ კიდევ უფრო გამამხნევებელია AMD-ის მზარდი მარჟის პროფილი. 2022 წლის პირველ კვარტალში კომპანიის მარჟამ 48% შეადგინა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 46% იყო. თუმცა, 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, AMD-ის მთლიანი მარჟა თითქმის 2%-ით შემცირდა. მენეჯმენტმა ეს იმ ფაქტს მიაწერა, რომ პირველი კვარტლის შედეგები Xilinx-ის შეძენასთან დაკავშირებულ არაგანმეორებად დანახარჯებს მოიცავდა.
რეკორდული შემოსავლის გამომუშავებამ და გაფართოებულმა მარჟამ კომპანიის ფულადი ნაკადებიც გაზარდა. 2022 წლის პირველ კვარტალში ფულადმა ნაკადებმა ოპერაციებიდან რეკორდული $995 მილიონი შეადგინა, რაც წელიწადში 11%-ით ზრდაა. ფულადი სახსრების რეკორდულმა ნაკადმა AMD-ის ბალანსზე იმოქმედა და პირველი კვარტლის ბოლოს, კომპანიას ბალანსზე $6.5 მილიარდის ტოლი ნაღდი ფული და მოკლევადიანი ინვესტიციები ჰქონდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ კვარტალში $1.9 მილიარდის ღირებულების აქციები გამოისყიდა. ფულადი სახსრების ძლიერი მარაგით და რამდენიმე მზარდი ბიზნეს სეგმენტით, AMD-ის მენეჯმენტმა აჩვენა, თუ როგორ აპირებს კომპანიის კაპიტალის განთავსებას მუდმივი ზრდის მისაღწევად.
ინვესტირება მომავალში
კომპანია კარგად არის პოზიციონირებული იმისთვის, რომ, როგორც საკუთარი ბიზნესის, ასევე Xilinx-ის წყალობით, პერსონალური გამოთვლების სხვადასხვა სეგმენტში ზრდა განაგრძოს.
AMD-მ წარმოადგინა განახლებული გამოთვლითი პროდუქტები, როგორიც არის CPU (ცენტრალური პროცესორი) და მონაცემთა პროცესორები, რომლებიც, შეიძლება, მისი მონაცემთა ცენტრის ბიზნესს ემსახურებოდეს. გარდა ამისა, რაც უფრო მეტი კომპანია ვითარდება მეტავერსის მიმართულებით, აპლიკაციები, მათ შორის 3D კონტენტის შექმნა ვიდეო თამაშებისთვის ან სტრიმინგ პლატფორმებისთვის, AMD-ის გრაფიკული სეგმენტისთვის, შეიძლება, ზრდის განუყოფელი კატალიზატორი იყოს.
და ბოლოს, AMD დეტალურად აღწერს შემდგომ პარტნიორობას, რომელსაც ის PC (პერსონალური კომპიუტერი) ინდუსტრიაში აყალიბებს. ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობს ზრდას არსებულ ბაზრებზე, ისევე, როგორც ახალი კლიენტების მოზიდვას, რომლებიც AMD-ის პროდუქტებით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ისარგებლებენ.
ამ მოვლენებმა ინვესტორები უნდა გაახაროს, რადგან კომპანია $300 მილიარდის მოცულობის პოტენციურ ბაზარზე შეღწევას აგრძელებს.
ბაზრის გაფართოება და მომავალი
გაზრდილი ფულადი ნაკადებისა და მომგებიანობის მეტრიკის მიუხედავად, AMD-ის ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 21-ს შეადგენს, რაც გასული ივნისის თითქმის ნახევარია. კომპანიის ძლიერი ლიდერული პოზიციითა და ზრდის პერსპექტივის გათვალისწინებით, AMD ამ ფასისთვის ძალიან დამაჯერებელია.