რისკი არის ის, რაც მრავალ ადამიანს საინვესტიციო სამყაროსკენ ნაბიჯის გადადგმაში ხელს უშლის. თუმცა მნიშვნელოვანია, ამ დროს გავიხსენოთ ლეგენდარული ინვესტორის — ბენჟამინ გრეჰემის შესანიშნავი სიტყვები: „წარმატებული ინვესტირება არა რისკის თავიდან აცილებაში, არამედ მის მართვაში მდგომარეობს“.
დიახ! საინვესტიციო რისკს სრულად ვერ ავირიდებთ, მაგრამ მართვის ეფექტიანი სტრატეგიების დანერგვით მის შემცირებას ნამდვილად შევძლებთ. რისკის გარკვეული ელემენტი ყოველთვის არსებობს, მაგრამ სწორი მიდგომებით გონივრულად მოქმედებას და სიტუაციაზე მეტი კონტროლის მოპოვებას შეძლებთ.
დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და განვიხილავთ პრაქტიკულ სტრატეგიებს საინვესტიციო რისკების შესამცირებლად.
- გაიაზრეთ რისკისადმი საკუთარი ტოლერანტობის დონე
რისკისადმი ტოლერანტობა გულისხმობს რისკის დონეს, რომლის მიმღებლობაც გააჩნია ინვესტორს, ინვესტიციის ღირებულების ცვალებადობის გათვალისწინებით. რისკისადმი ტოლერანტობა ინვესტირების მნიშვნელოვანი კომპონენტია და ის ხშირად განსაზღვრავს ინვესტიციების ტიპსა და მოცულობას, რომელსაც ინდივიდი ირჩევს.
მაგალითად, თუ ახალგაზრდა ხართ, ჯერ ოჯახი არ შეგიქმნიათ და ნაკლები ფინანსური პასუხისმგებლობა გაკისრიათ, მაშინ უფრო ტოლერანტული ხართ რისკების მიმართ, ვიდრე სხვა ინვესტორები, რომლებიც დაქორწინებულნი არიან და შვილების სწავლის საფასურის გადახდა უწევთ.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ინვესტორის ასაკს არ უნდა მიექცეს ყურადღება. მნიშვნელოვანია, კონკრეტული ინდივიდის პიროვნული თვისებები. შეიძლება ინვესტორი ახალგაზრდა იყოს, მაგრამ საკუთარ თავზე მაღალი რისკის აღება მასში სტრესს იწვევდეს და ამ შემთხვევაში სჯობს, რომ იგი ნაკლებად რისკიან ინვესტიციებზე ფოკუსირდეს.
რისკისადმი ტოლერანტობის მიხედვით შეიძლება ინვესტორები სამ ტიპად დავყოთ:
„აგრესიული“ ინვესტორი: „აგრესიული“ ან რისკისადმი მაღალი ტოლერანტობის მქონე ინვესტორი მზადაა, პოტენციურად უკეთესი შედეგების მისაღებად, ფულის დაკარგვის რისკი გასწიოს. „აგრესიულ“ ინვესტორებს, როგორც წესი, კარგად ესმით ბაზრის სპეციფიკა და მიჰყვებიან სტრატეგიებს, რომლებიც მათ საშუალოზე მაღალ შემოსავალს მოუტანს.
მათი ინვესტიციები ორიენტირებულია კაპიტალის ზრდაზე და არა პასიურ შემოსავალზე ან დაბანდებული თანხის შენარჩუნებაზე. ასეთი ინვესტორების აქტივთა განაწილება, როგორც წესი, მოიცავს აქციებს და მცირე მოცულობით (ან საერთოდ არა) ობლიგაციებს და ნაღდ ფულს.
„ზომიერი“ ინვესტორი: „ზომიერ“ ინვესტორებს სურთ თავიანთი ფულის გაზრდა ზედმეტის დაკარგვის გარეშე. მათი მიზანია, შესაძლებლობები და რისკები კარგად აწონონ-დაწონონ. ასეთი ინვესტორების მიდგომა ზოგჯერ აღწერილია, როგორც „დაბალანსებული“ სტრატეგია.
როგორც წესი, „ზომიერი“ ინვესტორები ქმნიან საინვესტიციო პორტფელს, რომელიც მოიცავს აქციებისა და ობლიგაციების ნაზავს, სავარაუდოდ, შესაბამისად, 50/50 ან 60/40 პროპორციით განაწილებით.
„კონსერვატიული“ ინვესტორი: ამ კატეგორიაში ხშირად პენსიონერები ან საპენსიო ასაკთან მიახლოებული პირები შედიან, რადგან მათ შეიძლება არ სურდეთ, გარისკონ თავიანთი ინვესტიციებით მოკლე დროის ჰორიზონტის გამო.
„კონსერვატიული“ ინვესტორი მიზნად ფულის გარანტირებულ, მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებში დაბანდებას ისახავს. ამ ტიპის ინვესტორები, როგორც წესი, შემოსავლისა და კაპიტალის შესანარჩუნებლად, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატებს (CD), ფულის ბაზრებს ან აშშ-ის მოკლევადიან სახაზინო თამასუქებს ირჩევენ.
- შექმენით გადაუდებელი საჭიროების ფონდი
გადაუდებელი საჭიროების ფონდი (სარეზერვო ფონდი) გულისხმობს შენახულ ფულს, რომლის გამოყენებასაც ადამიანი ფინანსურად რთულ პერიოდებში შეძლებს. ამ ფონდში არსებული თანხით შეიძლება ინვესტორმა გაუთვალისწინებელი ხარჯები დაფაროს.
გადაუდებელი საჭიროების ფონდი მოქმედებს, როგორც ფინანსური „უსაფრთხოების ბადე“ (დაზღვევა), რომელიც მოულოდნელი ფინანსური კრიზისის დროს სიმშვიდის შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ. ის, როგორც წესი, მინიმუმ 3-6 თვის საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად საკმარის თანხას მოიცავს და ფინანსურად რთულ პერიოდებში ვალის აღებისგან ან ინვესტიციების გაყიდვისგან თავის შეკავების საშუალებას გაძლევთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია bear market-ის პერიოდში, რადგან თუ ამ დროს ინვესტიციების გაყიდვის აუცილებლობის წინაშე დადგებით, აქციების შემცირებული ფასებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ფინანსურ ზარალს განიცდით.
- ორიენტირდით თანმიმდევრულობასა და გრძელვადიან პერსპექტივაზე
კონკრეტული ინვესტიციების შესაძენად და გასაყიდად შესაფერისი საუკეთესო დროების გამოცნობა ძალიან რთულია. ამაში წარმატებას ხშირად ძალიან გამოცდილი ინვესტორებიც კი ვერ აღწევენ. ამის ნაცვლად, სჯობს თანმიმდევრულობასა და გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირდეთ.
ამისთვის გამოგადგებათ ერთი შესანიშნავი სტრატეგია — ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება. ეს მიდგომა რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება ინვესტირების პროცესიდან ემოციების გამორიცხვაში დაგეხმარებათ. ამ სტრატეგიის გამოყენებისას დადგენილი შუალედები თავად უნდა განსაზღვროთ — შეგიძლიათ ინვესტიციები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად და სხვა, თქვენთვის კომფორტული, შუალედებით ჩადოთ. მნიშვნელოვანია, რომ დაადგინოთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. აქციებს ყიდულობთ როგორც მაქსიმალური ფასების, ასევე მათი ვარდნის პირობებში, რათა საბოლოოდ ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ.
- მიმართეთ დივერსიფიკაციას
დივერსიფიკაცია საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია და ის ხშირად განიხილება რისკის მართვის ფუნდამენტურ სტრატეგიად. დივერსიფიკაცია გულისხმობს თქვენი საინვესტიციო თანხის სხვადასხვა აქტივზე, ინდუსტრიაზე, სექტორსა და გეოგრაფიულ რეგიონზე გადანაწილებას, რათა მთელ საინვესტიციო პორტფელზე რომელიმე ერთი ინვესტიციის ცუდი წარმადობის ნეგატიური გავლენა შემცირდეს.
- ჩაატარეთ კვლევა
სანამ რაიმე ტიპის საინვესტიციო ინსტრუმენტში ფულს დააბანდებთ, საფუძვლიანი კვლევა ჩაატარეთ, რადგან საკუთარ ფინანსებზე სწორედ თქვენ ხართ პასუხისმგებელი. მაგალითად, თუ თქვენ ყიდულობთ X კომპანიის აქციებს გრძელვადიანი საინვესტიციო მიზნებისთვის, უნდა გადახედოთ მის მმართველ გუნდს, ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებს, კვარტალურ ანგარიშებს, მომავლის პროგნოზებს და ა. შ. თუ კონკრეტული კომპანიის აქციებს ბრმად, სხვისი რეკომენდაციების საფუძველზე შეიძენთ, შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი განიცადოთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი ინვესტორის — პიტერ ლინჩის სიტყვები: „საზოგადოება ფრთხილობს, როდესაც ყიდულობს სახლს, მაცივარს, მანქანას. ისინი საათობით მუშაობენ, რათა ორმხრივი ავიაბილეთისთვის $100 დაზოგონ და $5,000-ს ან $10,000-ს დააბანდებენ რაღაც სულელურ იდეაში, რომელიც ავტობუსში მოისმინეს. ეს ავანტიურაა და არა ინვესტირება. ეს არ არის კვლევა, არამედ — სრული სპეკულაცია“.
თუ საინვესტიციო სამყაროში წარმატების მიღწევა გვსურს, ასეთი მიდგომით მოქმედება მიზნამდე ნამდვილად ვერ მიგვიყვანს.
- განიხილეთ ლურჯი ჩიპის აქციებში ინვესტირება
ითვლება, რომ ტერმინი — „ლურჯი ჩიპი“ მომდინარეობს პოკერიდან, სადაც ლურჯი ფერის ჩიპს ყველაზე მაღალი ღირებულება გააჩნია. ლურჯი ჩიპის აქციები კი ეკუთვნის მყარად დამკვიდრებულ კომპანიებს, რომლებსაც დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია გააჩნია. ისინი საიმედო შემოსავლის გამომუშავებაში წარმატების ხანგრძლივი გამოცდილებითა და თავიანთ ინდუსტრიაში ან სექტორში ლიდერობით ხასიათდება.
სანამ კონკრეტულ კომპანიას შეარჩევდეთ, მნიშვნელოვანია, სავარაუდო ვარიანტები საფუძვლიანად გამოიკვლიოთ და ინვესტიცია ისეთ აქციებში ჩადოთ, რომლებიც თქვენს საინვესტიციო სტრატეგიას, რისკისადმი ტოლერანტობის დონეს და სხვა მახასიათებლებს შეესაბამება.
- საინვესტიციო პორტფელი რეგულარულად აკონტროლეთ
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინების შემდეგ, პორტფელი რეგულარულად უნდა აკონტროლოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტირება იმას არ ნიშნავს, რომ ინვესტიციას ჩადებთ და შემდეგ საკუთარ საინვესტიციო პორტფელს დაივიწყებთ. მნიშვნელოვანია, რეგულარულად ადევნოთ თვალი პორტფელის წარმადობას და პერიოდული მიმოხილვები ჩაატაროთ.
ბაზარზე პირობები ცვალებადია, ასევე იცვლება კონკრეტული აქციებისა და სექტორების წარმადობა. ამიტომ პერიოდულად საჭირო გახდება საინვესტიციო პორტფელის ხელახლა დაბალანსება. ეს საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ აქტივთა სასურველი განაწილება, რომელიც თქვენს საინვესტიციო მიზნებს შეესაბამება.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.