გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Starbucks-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა, რადგან მომხმარებლები აშშ-ში, ინფლაციის მიუხედავად, ყავასა და სხვა სასმელებზე ფულის დახარჯვას განაგრძობდნენ.
სავაჭრო დღის განმავლობაში ყავის კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის შემცირებული.
ფისკალურ მეოთხე კვარტალში Starbucks-ის შემოსავალი, გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით, 11%-ით — რეკორდულ $9.38 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $9.29 მილიარდი).
წმინდა მოგებამ თითქმის 39%-ით მოიმატა და $1.22 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე1 $1.06 იყო, რაც ბევრად აღემატებოდა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.97-ს.
გაყიდვების ზრდა განპირობებული იყო ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების2 8%-იანი გაუმჯობესებით ჩრდილოეთ ამერიკაში, რადგან ამერიკელი მომხმარებლები განაგრძობდნენ ხარჯვას ყავასა და სხვა სასმელებზე, მიუხედავად უფრო მაღალი ფასებისა. ეს შედეგი ასახავს მძლავრ სამომხმარებლო ხარჯებს, რომლებმაც მესამე კვარტალში მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდა განაპირობა.
ჩინეთში, რომელიც კომპანიის სიდიდით მეორე ბაზარია, comps გასულ კვარტალში წლიდან წლამდე 5%-ით გაიზარდა. თუმცა, განსხვავებით ჩრდილოეთ ამერიკისგან, სადაც „საშუალო ქვითარი“ — თანხა, რომელსაც მომხმარებლები თითო ტრანზაქციაზე ხარჯავენ — 6%-ით გაიზარდა, ჩინეთში ეს მაჩვენებელი 3%-ით შემცირდა. როგორც ჩანს, ჩინელი მომხმარებლები, ამერიკელებთან შედარებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური წინაღობების ფონზე, ხარჯვისას უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ.
გარდა ამისა, Starbucks-მა განაგრძო გაფართოება — გასულ კვარტალში კომპანიამ 816 ახალი ლოკაცია გახსნა და მთლიანობაში მსოფლიოს მასშტაბით ამ მაჩვენებელმა 38,000-ს გადააჭარბა. ამ ლოკაციებიდან ნახევარზე მეტი აშშ-სა და ჩინეთს, Starbucks-ის ორი უდიდესი ბაზრის, ფარგლებს გარეთ მდებარეობს.
„მეოთხე კვარტალი და სრული ფისკალური წელი შესანიშნავად დავასრულეთ“ — განაცხადა Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ლაქსმენ ნარასიმჰანმა პრესრელიზში. „მიმდინარე წელს მაკროეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში ვიწყებთ, თუმცა დარწმუნებულნი ვართ დადებით იმპულსში მთელი ჩვენი ბიზნესისა და გლობალური მასშტაბით“.
Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $100.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $107.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $125.00-ს, ხოლო მინიმალური — $98.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Starbucks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] წილის განზავება — ახალი აქციების გამოშვების შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება.
[2] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.