ერთი შეხედვით, სიახლე, რომელიც Starbucks-მა სამშაბათ [3 მაისი] საღამოს ინვესტორებს მიაწოდა, არც ისე ცუდად ჟღერდა.
2022 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის წარდგენისას გაირკვა, რომ Starbucks-ის კვარტალურმა გაყიდვებმა $7.6 მილიარდი შეადგინა, GAAP (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მოგება თითო აქციაზე $0.58-ს გაუტოლდა, ხოლო არა-GAAP მოგება (არ არის გამოთვლილი GAAP-ის მიხედვით) აქციაზე – $0.59-ს. მთლიანი გაყიდვები წელიწადში 15%-ით, ხოლო შემოსავალი მხოლოდ 4%-ით გაიზარდა. სწორედ ამას ელოდა უოლ სტრიტი Starbucks-ის მოხსენებისგან, ასე რომ, ყოველ შემთხვევაში, იმედგაცრუებული არავინ დარჩენილა.
მოკლედ, არავინ იყო იმედგაცრუებული მანამ, სანამ ამას თავად Starbucks გააკეთებდა.
იმის კომენტირებისას, თუ როგორ მივიდა კომპანია ამ მაჩვენებლამდე, Starbucks-ის მენეჯმენტმა აშშ-ში გაყიდვების ძლიერი სურათი დახატა, სადაც ერთი და იგივე მაღაზიის ტრანზაქციები წელიწადში დაახლოებით 5%-ით გაიზარდა და მომხმარებელთა მიერ Starbucks-ში დახარჯული ფულის რაოდენობამ 7%-ით მოიმატა – შედეგად ერთსა და იმავე მაღაზიაში გაყიდვების მთლიანმა ზრდამ 12% შეადგინა.
აშშ-ის ფარგლებს გარეთ მდგომარეობა საპირისპირო იყო, ტრანზაქციების რაოდენობაც და თითო ტრანზაქციაზე დახარჯული თანხის მოცულობაც შემცირდა, რის შედეგადაც, იმავე მაღაზიის გაყიდვებმა 8%-ით დაიკლო. რაც შეეხება ჩინეთს, კოვიდ-19-ის გავრცელების გამოწვეულმა ლოკდაუნმა Starbucks-ის ბიზნესი უბრალოდ გაანადგურა. მართლაც, 2022 წლის მეორე კვარტალში კომპანიის მაღაზიას 20%-ით ნაკლები ჩინელი ეწვია, ვიდრე 1 წლით ადრე, ხოლო Starbucks-ში შესულმა მომხმარებლებმა მთლიანობაში 4%-ით ნაკლები დახარჯეს.
ბოლო ცნობებთან ერთად, რომ შანხაიში ლოკდაუნის შემსუბუქების ტენდენციები შეინიშნება, ინვესტორებს სურდათ გაეგოთ, თუ რას ფიქრობს Strabucks-ის მენეჯმენტი იმის შესახებ, რომ, შეიძლება, მალე ჩინეთში მდგომარეობა დასტაბილურდეს. ინვესტორებს უნდოდათ კომპანიისგან გარკვეული მითითებები მოესმინათ და Starbucks-ის მენეჯმენტი მათ პროგნოზების გაჟღერებას დაჰპირდა, თუმცა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება სულ რაღაც 1 საათში შეცვალა და პირობა არ შეასრულა. ამის ნაცვლად, აღმასრულებელმა დირექტორმა – ჰოვარდ შულცმა განაცხადა, რომ ჩინეთში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, წლის განმავლობაში კომპანიის წარმადობის პროგნოზირების უნარი მენეჯმენტს არ გააჩნია. მისი თქმით Starbucks-მა მესამე და მეოთხე კვარტლების პროგნოზირებაზე უბრალოდ უარი უნდა თქვას.
რა თქმა უნდა, ეს სრულიად ლოგიკურია. S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, Starbucks-ის ყოველი $8-დან $1-ზე მეტი ჩინეთზე მოდის. თუ კომპანიის მენეჯმენტმა არ იცის, როგორ განვითარდება ჩინეთში მოვლენები, მომავლის პროგნოზირება და მითითებების გაჟღერება არაგონივრული იქნება.
და მაინც, ცოტა უცნაურია, რომ Starbucks-მა გადაწყვეტილება სულ რაღაც ერთ საათში შეცვალა.