პარასკევის სავაჭრო სესია Spotify-ის (SPOT) აქციებისთვის აღმასვლის ზედიზედ მეათე დღე იყო, რომელიც 2021 წლის თებერვლის შემდეგ პირველად დასრულდა რეკორდულ ნიშნულზე დახურვით.
მუსიკის სტრიმინგ კომპანიის აქციებმა გასული კვირის ბოლო სავაჭრო დღე 1.3%-იანი აღმასვლით დაასრულა — $364.85-მდე, რამაც მცირედით გადააჭარბა 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ ნიშნულს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან Spotify-ის აქციების ფასი დაახლოებით 93%-ით არის გაუმჯობესებული.
გასულ კვირაში ანალიტიკოსებმა გამოთქვეს ოპტიმიზმი Spotify-ის ზრდის პოტენციალთან დაკავშირებით. მაგალითად, საინვესტიციო ბანკის — KeyBanc Capital Markets-ის ანალიტიკოსმა, ჯასტინ პატერსონმა, Spotify-ის მომავალი აბონენტების რაოდენობის პროგნოზირებისთვის გამოიყენა კომენტარები Universal Music Group-ის (UMG) ინვესტორების დღის ღონისძიებიდან. ეს უკანასკნელი მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური კომპანიაა.
რას შეიძლება ნიშნავდეს UMG-ის შეფასებები Spotify-ისთვის
ამჟამად ინდუსტრიაში არსებობს პროგნოზი, რომ 2028 წლის ბოლოსთვის აუდიო სტრიმინგ სერვისების აბონენტთა რაოდენობა 1 მილიარდს მიაღწევს. თუმცა, როგორც გასულ კვირაში მატერსონმა აღნიშნა, UMG-მ ახლახან ივარაუდა, რომ ეს პროგნოზი შეიძლება ზედმეტად კონსერვატიული იყოს.
KeyBanc Capital Markets-ის ანალიტიკოსები მოელიან, რომ 2028 წლის ბოლოსთვის Spotify-ის გამომწერების რაოდენობა 353 მილიონს მიაღწევს, რაც გლობალური ბაზრის 35%-ს გაუტოლდება. თუმცა, UMG მეტრიკების მიხედვით, Spotify-ის საბაზრო წილი უკვე შეადგენს 35%-ს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ KeyBanc-ის ამჟამინდელი შეფასებები არ გულისხმობს აუდიო სტრიმინგ კომპანიისთვის საბაზრო წილის ზრდას.
თუ Universal Music Group მართალი აღმოჩნდება და აუდიო სტრიმინგ ინდუსტრიის გამომწერების მთლიანი რაოდენობა 2028 წელს 1 მილიარდს გადააჭარბებს, ანალიტიკოსების ამჟამინდელი პროგნოზები Spotify-ის მიერ საბაზრო წილის დაკარგვაზე მიგვითითებს. „კომპანიის პროდუქტის ინოვაციურობის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს კონსერვატიული პროგნოზია“ — წერენ ანალიტიკოსები. „იმის ფონზე, რომ აუდიოწიგნები მხარს უჭერს ფასების ზრდას, ვფიქრობთ, მიზანშეწონილია Spotify-მ ინდუსტრიის ზრდის ტემპის გადაჭარბება შეძლოს“.
მიუხედავად იმისა, რომ KeyBanc-ის ანალიტიკოსების თქმით, მათი შეფასებები ძალიან კონსერვატიულია, საინვესტიციო ბანკს განახლებული პროგნოზები არ წარმოუდგენია.
საგულისხმოა, რომ Dow Jones Market Data-ისა და FactSet-ის თანახმად, Spotify-ის აქციების ფასის ზრდის 10-დღიანი სერია ყველაზე გრძელია კომპანიის ისტორიაში.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Spotify-ის აქციებს?
Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $365.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $395.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $510.00-ს, ხოლო მინიმალური — $230.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Spotify-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.