ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Snowflake-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის გაყიდვებმა ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა, მოგების მაჩვენებელი უოლ სტრიტის პროგნოზს ჩამორჩა. გუშინ Snowflake-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Snowflake-ის შემოსავალმა წლიურად 32.9%-ით მოიმატა და $828.71 მილიონს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $786.82 მილიონს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.14 შეადგინა (პროგნოზი — $0.18). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში Snowflake-მა თითო აქციაზე $0.95-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა, რაც უოლ სტრიტის პროგნოზს $0.21-ით ჩამორჩა.
მონაცემთა შენახვის სპეციალისტის პროდუქტებისგან მიღებული შემოსავალი 34%-ით — $789.6 მილიონამდე გაიზარდა. გასულ კვარტალში Snowflake-ის იმ მომხმარებელთა რაოდენობამ, რომლებმაც გასული 12 თვის განმავლობაში კომპანიის პროდუქტებზე $1 მილიონზე მეტი დახარჯეს, 485-ს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის მეოთხე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 461 შეადგინა. ამ პერიოდში Snowflake-ის წმინდა მოგების შენარჩუნების მაჩვენებელი 131%-დან 128%-მდე შემცირდა.
მომავლის პროგნოზები
როგორც სერვისების წამყვანი მიმწოდებელი, რომელიც ორგანიზაციებს მონაცემების შერწყმაში, დახარისხებასა და ანალიზში ეხმარება, Snowflake, როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის (AI) ზრდასთან დაკავშირებული მოთხოვნით ისარგებლებს. მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 14%-ით დაეცა.
რაც შეეხება მომავალს, Snowflake-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2025 წლის მეორე კვარტალში კომპანიის პროდუქტის შემოსავალი $805-$810 მილიონს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი წლიურად 26.5%-იან ზრდას გულისხმობს. Snowflake-ში ასევე მოელიან, რომ საოპერაციო შემოსავლის მარჟა დაახლოებით 3%-ს შეადგენს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Snowflake-ის აქციებს?
Snowflake-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $155.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $205.94-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $125.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Snowflake-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 33%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 26-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Snowflake-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.