გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Shopify-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონული კომერციის კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — 18%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 67%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში Shopify-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 25%-ით — $1.7 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.67 მილიარდს. EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.24 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.14).
მთლიანი სასაქონლო მოცულობა 22%-ით — $56.2 მილიარდამდე გაიზარდა. მთლიანი მოგების მარჟამ კი 52.6%-ს მიაღწია. გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი 48.5%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ Shopify-ის გამოწერებით სულ უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება, რაც ხელს უწყობს კომპანიის სავაჭრო გადაწყვეტების მიმართულების სტაბილურ ზრდას. თუმცა ელექტრონული კომერციის სპეციალისტის აქციების ფასის გუშინდელი ზრდა ასევე არის პასუხი Shopify-ის მომგებიანობის გაუმჯობესებაზე.
კომპანიის საოპერაციო შემოსავალმა შემოსავლის 7%, ანუ $122 მილიონი შეადგინა, რაც ბევრად აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ საოპერაციო ზარალს — $346 მილიონს. Shopify-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გაყიდოს ლოჯისტიკური ოპერაციები რესურსების გასათავისუფლებლად და ხარჯების შესამცირებლად, აშკარად შედეგიანია და აქციონერები ამით მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ.
მენეჯმენტი მოელის, რომ იმპულსი, სადღესასწაულო სავაჭრო სეზონის მოახლოებასთან ერთად, გაგრძელდება. მეოთხე კვარტლისთვის მოსალოდნელია, რომ შემოსავალი წლიდან წლამდე 20%-25%-ით გაიზრდება, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ლოგისტიკური ბიზნესის გაყიდვების გავლენის გამოკლებით.
უფრო მეტიც, მესამე კვარტალში ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადების მარჟამ შემოსავალთან შედარებით ჯანსაღი 16% შეადგინა და მენეჯმენტი მოელის, რომ მომდევნო მეოთხედშიც დაახლოებით იგივე ნიშნული შენარჩუნდება.
აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეფ ჰოფმაისტერმა განაცხადა, რომ Shopify-მ წარმოადგინა მაღალი დონის ზრდისა და მომგებიანობის დამაჯერებელი კომბინაცია, რამაც მისი ბიზნეს მოდელის გამძლეობა აჩვენა. პრეზიდენტმა — ჰარლი ფინკელშტეინმა კი დასძინა, რომ შედეგები ასახავს პროგრესს, რომელსაც კომპანია აღწევს და ასეთ მაჩვენებლებს შეუძლია გააძლიეროს Shopify-ის, როგორც ელექტრონული კომერციის გლობალური ლიდერის პოზიცია.
თუ გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანია ჯანსაღი მარჟების და მზარდი თავისუფალი ფულადი ნაკადების დაფიქსირებას განაგრძობს, შესაძლოა Shopify-ის აქციების ფასმა ახალ მაქსიმალურ სიმაღლეებს მიაღწიოს.
2024 წლის დაწყებასთან ერთად, ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად შედეგიანი იქნება Shopify-ის გადახდების ბიზნესის Amazon-ის Buy With Prime-თან ინტეგრაცია. ამან სარგებელი უნდა მოუტანოს Shopify-ის სავაჭრო ობიექტებს, რის შედეგადაც, შესაძლოა, კომპანიის შემოსავალი კიდევ უფრო გაიზარდოს.
Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $60.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $67.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $53.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 25 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.