ერთთვიანი შეჩერებული ვაჭრობის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟა გუშინ კვლავ გაიხსნა, თუმცა თეთრი სახლის მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით.
მიუხედავად იმისა, რომ აქციების ფასი გაიზარდა, უცხოელი ინვესტორების მფლობელობები გაყინული რჩება და მოკლე გაყიდვები აკრძალულია. იმავდროულად, მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მენეჯერის BlackRock-ის ხელმძღვანელმა – ლარი ფინკმა თქვა, რომ ინვესტორები უნდა მიეჩვიონ პოლიტიკურ ფრაგმენტაციას, რომელიც ბაზრებზე მკვიდრდება და ის ამას გლობალიზაციის დასასრულს უწოდებს.
„პოტემკინის ბაზრის ხელახალი გახსნა“
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა მხოლოდ 4 დღით დაიხურა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვის ბაზრის დახურვა – ყველაზე ხანგრძლივი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში – იყო უჩვეულო, თუნდაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, აგრესორის წინააღმდეგ მასიური ეკონომიკური სანქციების ზეწოლის გათვალისწინებით.
24-დღიანი დახურვის შემდეგაც კი, მოსკოვის ბირჟამ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო გახსნა:
- რუსული საორიენტაციო MOEX ინდექსის 50 აქციიდან 33-ზე განახლდა ვაჭრობა შეკუმშული 4-საათიანი სესიის განმავლობაში. ინდექსი 4.4%-ით გაიზარდა, ნავთობის მწარმოებლები Gazprom და Rosneft, ასევე ფინანსური ფირმები Sberbank და VTB Bank ბაზარზე დაბრუნდა. თუმცა, MOEX წლის დასაწყისიდან ჯერ კიდევ 30%-ით არის შემცირებული.
- უცხოელ ინვესტორებს 1 აპრილამდე აქციების გაყიდვა ეკრძალებათ. მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, უცხოელ ინვესტორებს რუსულ აქციებში მთლიანობაში $86 მილიარდი აქვთ დაბანდებული.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ – დიულიპ სინგმა თქვა, რომ ეს ყველაფერი ფარსი და პოტემკინის ბაზრის (შთამბეჭდავი ფასადი ან შოუ, რომელიც არასასურველი ფაქტის ან მდგომარეობის დასამალად არის შექმნილი) ხელახლა გახსნაა.
ლარი ფინკი გუშინდელ აქციონერთა მიმართ წერილში ამტკიცებდა, რომ გლობალურ ბაზრებზე ფრაგმენტაცია შენარჩუნდება. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ბოლო მოუღო გლობალიზაციას, რომელსაც მსოფლიო ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განიცდის.