ხუთშაბათს რუსული რუბლი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა, თუმცა მოსკოვის სესიის დახურვამდე ოდნავი ცვლილება განიცადა მას შემდეგ, რაც Fitch-მა და Moody’s-მა რუსეთის სუვერენული ვალი “junk” სტატუსამდე (ეს სტატუსი იმას ნიშნავს, რომ მთავრობას შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი ფულადი სახსრები ვალის დასაბრუნებლად) ჩამოაქვეითეს იმის ფონზე, რომ ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ ვერ შეძლო რუბლის ვარდნისთვის ხელის შეშლა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპულ სახელმწიფოზე ყველაზე დიდი თავდასხმაა. სწორედ ამ ნაბიჯის შედეგად, რუსეთის ფინანსური ბაზრები არეულობაში ჩავარდა, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები დაემატა.
ოთხშაბათს რუსული რუბლი მოსკოვში დოლარტან მიმართებაში 106,02 იყო, მას შემდეგ, რაც შიდა დღიური რეკორდული მაჩვენებელი – 118,35 დააფიქსირა.
რუბლი ევროსთან მიმართებაში კიდევ 1.9%-ით – 117.60 ნიშნულამდე შემცირდა.
Allspring Global Investments-ის უფროსმა საინვესტიციო სტრატეგმა მულტი აქტივების გადაწყვეტილებებში – ბრაიან იაკობსენმა განაცხადა: „თქვენ იცით, რომ ვაჭრობა მცირდება, როდესაც ინგლისის ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი რუბლის კურსზე კვოტების გამოქვეყნებას წყვეტს.“ მან ასევე დასძინა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული მდგომარეობა, მით უფრო დიდი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას.
რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ამის საპასუხოდ აგრესორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, საშინელი გაფრთხილება აღმოჩნდა რუსეთის ეკონომიკისთვის: JPMorgan მეორე კვარტალში 35%-იან ვარდნას პროგნოზირებს.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბირჟებზე ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვებზე 30%-იანი საკომისიო დააწესა, ბროკერების თქმით, ეს ნაბიჯი დოლარზე მოთხოვნის შესამცირებლად იყო გამიზნული, მაგრამ მცირე ზეგავლენა იქონია.
ხუთშაბათს ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ არ გამოავლენს ცვლილებებს ოქროსა და სავალუტო რეზერვებში, რომლებიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში დასავლური სანქციების შედეგად არის გაყინული.
რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წელს უცხოური ვალუტისა და ოქროს შეძენებს აჩერებს, რაც ასევე რუბლზე ზეწოლის შემსუბუქებას ისახავს მიზნად.
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსული ჯარები უკრაინაში შევიდა, რუბლი დოლართან მიმართებაში 30%-ით გაუფასურდა და ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოა, რომ ის ძალიან მერყევი დარჩება.
მთავრობამ რუს ექპორტიორებს უბრძანა თავიანთი შემოსავლების 80% რუბლში დააკონვერტირონ, რაც ასევე ადგილობრივი ვალუტის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, მაგრამ ხალხი, დოლარის შესაძენად, ჯერ კიდევ ბანკებთან რიგებში დგას, რადგან რუბლი კლებას აგრძელებს.
რუსეთის ხუთ-წლიანი საკრედიტო დეფოლტის სვოპები, რომლებსაც ინვესტორების რისკების ჰეჯირების მიზნით იყენებენ, ოთხშაბათის ბოლო მაჩვენებლის (1,321) შემდეგ, ხუთშაბათს 1,250 საბაზისო ერთეულამდე შემცირდა, მაგრამ რუბლის არასტაბილურობის მაჩვენებლები ახალ რეკორდულ სიდიდეებამდე გაიზარდა.
ING-ის გლობალური ბაზრების ხელმძღვანელმა – კრის ტერნერმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან დიდი გაურკვევლობაა და დიდი მერყეობაა მოსალოდნელი. ლიკვიდურობა წარმოუდგენლად დაბალი იქნება. მისი თქმით, ამჟამად რუსეთში დიდი მოცულობის უცხოური ფულია შემორჩენილი.
უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების რუსულ აქციებსა და ობლიგაციებს ფლობენ, მოსკოვი ამ ჰოლდინგებიდან გასვლას უკრძალავს. სახელმწიფომ რუსულ კომპანიებს დროებით აუკრძალა არარეზიდენტი აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდა. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვები გაურკვეველია.
ხუთშაბათს, ცენტრალური ბანკის მიერ დაკვეთილი შეზღუდვების მეოთხე დღეს, მოსკოვის ბირჟის საფონზო განყოფილებაზე ვაჭრობა დიდწილად დახურული დარჩა.
Fitch-მა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც რუსეთის ბანკთან რაიმე ტრანზაქციას კრძალავს, რუსეთის საკრედიტო საფუძვლებზე ბევრად დიდი ზეგავლენა ექნება, ვიდრე ნებისმიერ წინა სანქციას.
Moody’s-მა კი თქვა, რომ სანქციების სიმკაცრე Moody’s-ის თავდაპირველ მოლოდინებს გასცდა და ამას მატერიალური საკრედიტო შედეგები ექნება.
გასულ კვირას S&P-მა რუსეთის რეიტინგი ქვედა საინვესტიციო ხარისხამდე შეამცირა.
ოთხშაბათს, ინდექსის პროვაიდერებმა FTSE Russell-მა და MSCI-მ, მას შემდეგ, რაც MSCI-ის ხელმძღვანელმა ამ კვირის დასაწყისში რუსეთის საფონდო ბირჟას „არაინვესტირებადი“ უწოდა, განაცხადეს, რომ ისინი რუსულ აქციებს თავიანთი ინდექსებიდან ამოიღებენ.