რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული მზარდი კონფლიქტი ბაზარზე დიდ ცვლილებებს იწვევს და ანალიტიკოსები ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, საფონდო ბირჟაზე მასიური გაყიდვები შეიძლება გაძლიერდეს. თუმცა ბევრი დარწმუნებულია, რომ ბაზარზე ზეწოლა ხანმოკლე იქნება, ყოველ შემთხვევაში ისტორია ამას გვასწავლის.
Wendbush-ის ანალიტიკოსმა – დენ აივსმა ხუთშაბათს, განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამ აქციებზე ზეწოლა გააძლიერა და მნიშვნელოვნად გააძლიერა ფრთხილი საბაზრო გარემო. ეს განცხადება აივსმა სწორედ მას შემდეგ გააკეთა, რაც Nasdaq-მა ნოემბერში დაფიქსირებული მაქსიმუმიდან 20%-ით დაიკლო. მან ასევე თქვა, რომ გეოპოლიტიკური შოკების დროს ბაზარზე პანიკის დრო არ არის და 2000 წლიდან მსგავსი მასიური გაყიდვები ტრადიციულად წარმოადგენდა კარგი შესყიდვის შესაძლებლობას ისეთი მსხვილი, მოგებიანი ტექნოლოგიური აქციებისთვის, როგორებიც არის Microsoft, Apple და Adobe. ამ სენტიმენტს კვირის დასაწყისში Bank Of America-ს ანალიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.
LPL-ის ფინანსური ბაზრის მთავარი სტრატეგი – რაიან დეტრიკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი მთლიანობაში შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს, აქციები სავარაუდოდ გაუძლებენ გეოპოლიტიკურ შოკებს. იგი დასძენს, რომ ასეთ შემთხვევებში აქციები, როგორც წესი, რამოდენიმე კვირაში უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, S&P 500 ინდექსი, რომელმაც ოთხშაბათს 2%-ით დაიკლო, 11 დღის განმავლობაში თითქმის 12%-ით შემცირდა. თუმცა, ეს დანაკარგები ერთ თვეშივე ანაზღაურდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ომში ჩაერთო.
1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისიდან ერთ დღეში S&P 500 თითქმის 7%-ით შემცირდა, მაგრამ ზარალი 4 დღეში აინაზღაურა.
1941 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც იაპონია პერლ ჰარბორს თავს დაესხა, S&P 500 6 თვის განმავლობაში 19.8%-ით შემცირდა, რამაც აშშ-ის მეორე მსოფლიო ომში ჩართვა გამოიწვია. ინდექსი 307 დღეში დაუბრუნდა ძველ მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ ომი 4 წელიწადს გაგრძელდა.
Ally Invest-ის ბაზრების მთავარმა სტრატეგმა – ლინდსი ბელმა თქვა, რომ ისტორიულად გეოპოლიტიკური მდგომარეობის ასეთი დამძიმება ბაზრებზე რყევებს იწვევდა და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, აქციები ზღვარზე იქნება. მისივე თქმით, კარგი ამბავი ის არის, რომ ეს ზემოქმედება ხამოკლეა და მხოლოდ ერთიდან სამ თვემდე გრძელდება. ისტორიულად, ასეთი მოვლენიდან 12 თვის შემდეგ ბაზარი უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება.
ხუთშაბათს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების შესახებ ბრძანება გასცა, რასაც მალევე უკრაინაში აფეთქებების შესახებ ცნობები მოჰყვა. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამოდენიმე ათეული დაიჭრა. ამ ინფორმაციის შემდეგ, საფონდო ბირჟაზე ფიუჩერსების ფასი მაშინვე დაეცა. სამივე ძირითადი ინდექსი 2%-ზე მეტით შემცირდა. Vital Knowledge Media-სთან ხუთშაბათის ჩანაწერში, ანალიტიკოსი ადამ ქრისაფული წერს, რომ როდესაც ფედერალური სისტემა ცდილობს გაუმკლავდეს იმ პანდემიურ სტიმულებს, რომლებმაც აქციების ყველა დროის მაქსიმუმამდე ზრდა გამოიწვია, ბაზრის მგძნობელობა გეოპოლიტიკური შოკების მიმართ გაზრდილია.
CFRA Research-ის მთავარი საინვესტიციო სტრატეგის – სემ სტოვალის თქმით, ბაზარი გვთავაზობს მინიშნებებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იძლევა გარანტიას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო 60 დღის განმავლობაში ბაზარი შემთხვევების 83%-ში კორექტირებული ზონიდან გამოვიდა. სემი დასძენს, რომ თუ ბაზარი უახლოეს დღეებში ან კვირებში აღდგენის ნიშნებს გამოავლენს, შეიძლება კორექციამ თავისი ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, უარესი ჯერ კიდევ წინ არის.