მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟა, დღეს, 2 კვირიანი დახურვის შემდეგ, ხელახლა გაიხსნა, საერთაშორისო ბირჟების ლისტინგში არსებული რუსული აქციებით ვაჭრობა განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული და ეს ფაქტი მკვეთრად ზრდის ამ კომპანიების დეფოლტის რისკს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მთელი მსოფლიოს საფონდო ბირჟებმა რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების აქციებით ვაჭრობა შეაჩერა, საშუალო ერთწლიანი დეფოლტის ალბათობა თითქმის ორი ათეული რუსული საწარმოსთვის 20%-ზე მეტით გაიზარდა. 21 თებერვალს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2.5% იყო და 8 მარტის მონაცემებით კი 23.1%-მდე გაიზარდა. საშუალო ერთწლიანი დეფოლტის ალბათობა არის S&P Global Market Intelligence-ის Credit Analytics ფილიალის მიერ შემუშავებული დეფოლტის ალბათობის (PD) მოდელი. ის ითვლის საშუალო ერთწლიან საბაზრო სიგნალის ალბათობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 64,000 კომპანიისთვის. PD ჩვეულებრივ იზომება ვადაგადაცილებული სესხების შეფასებით. ის გამოითვლება მსგავსი რეიტინგის მქონე სესხების მიგრაციის ანალიზით. გაანგარიშება არის კონკრეტული დროის ჩარჩოს ფარგლებში და ზომავს სესხების პროცენტს, რომლის გადახდაც არ ხდება. შემდეგ PD ენიჭება რისკის დონეს და თითოეულ რისკის დონეს აქვს ერთი PD პროცენტი.
ანალიზით გამოთვლილ იქნა დეფოლტის ალბათობა 16 კომპანიის ფასის ცვლილებებზე დაყრდნობით. ეს კომპანიები განთავსებულია რუსეთში და მათი აქციები გვხვდება დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, სინგაპურისა და ავსტრალიის საფონდო ბირჟებზე. ამ 16 კომპანიის რიგებშია ასე 6 რუსეთთან დაკავშირებული საზღვარგარეთ დაფუძნებული კომპანია, რომლის აქციებიც, ძირითადად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მიმოიქცევა. ამ კომპანიების დეფოლტის ალბათობა 7.60%-57.57%-ის დიაპაზონში მერყეობს, რამდენიმე კვირის წინ კი ეს მაჩვენებელი ერთნიშნა იყო.
3 მარტიდან ლონდონის საფონდო ბირჟამ რუსეთთან ძლიერი კავშირების მქონე 28 კომპანიის აქციებით ვაჭრობა შეაჩერა.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ რუსეთის საფონდო ბირჟა, 25 თებერვლიდან თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ხელახლა 24 მარტს გაიხსნება და მიმოქცევაში 33 ფასიანი ქაღალდი იქნება.
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, მოსკოვის ბირჟის ლისტინგში არსებული კომპანიების დეფოლტის მედიანური ერთწლიანი ალბათობა 21 თებერვლის 2.1%-იანი მაჩვენებლიდან, 8 მარტს 22.1%-მდე გაიზარდა.
დეფოლტის რისკი მას შემდეგ გაიზარდა, რაც უცხოურ ბირჟებზე არსებული რუსული აქციების ფასები, მასიური გაყიდვების შედეგად შემცირდა.
სინგაპურის საფონდი ბირჟაზე მარტის დასაწყისში განაცხადეს, რომ კომპანიებმა, რომლებიც ექვემდებარება სანქციებს ან რუსეთთან სანქცირებულ საქმიანობას აწარმოებს, უნდა შეაჩერონ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მანამ, სანამ არ აჩვენებენ, რომ სანქციები მათ ბიზნესზე აღარ მოქმედებს. ამ ბირჟაზე მიმოიქცევა სასოფლო-სამეურნეო გიგანტის – Don Agro International-ის აქციებიც.
დეფოლტის რისკების მატებასთან ერთად, ამ კომპანიებისთვის მინიჭებული საკრედიტო ქულებიც სწრაფად შეიცვალა. ერთ-ერთი კომპანია 7 სარეიტინგო ქულით დაქვეითდა, ხოლო 9 სხვა კომპანია – 5 ან 6 ქულით.
რუსული კომპანიების კრედიტუნარიანობა მას შემდეგ დაეცა, რაც საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებმა თავად ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი შეამცირეს.
S&P Global Raitings-მა, რომლის საკრედიტო რეიტინგი S&P Global Market Intelligence-ის მიერ შემუშავებული საკრედიტო ქულებისგან დამოუკიდებელია, 17 მარტს რუსეთის უცხოური და ეროვნული ვალუტის საკრედიტო რეიტინგი CC-დან (უაღრესად დაუცველი) CCC კატეგორიამდე შეამცირა. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ მსესხებელი ამჟამად არის დაუცველი და დამოკიდებულია ხელსაყრელ ბიზნეს, ფინანსურ ან ეკონომიკურ პირობებზე, რათა ფინანსური ვალდებულებების შესრულება შეძლოს.