როგორც წესი, ინვესტორებს ყველაფერზე მეტად გაურკვევლობა არ მოსწონთ. ომზე უფრო გაურკვეველი კი ცოტა რამ თუ მოიძებნება.
ისინი იტანჯებიან იმის მოლოდინში, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის აღმოსავლეთში ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების შესახებ.
ამავდროულად, როგორც თეთრმა სახლმა ორშაბათს განაცხადა, აშშ რუსეთის წინაარმდეგ ეკონომიკურ სანქციებს დღეს გამოაცხადებს.
როდესაც 14 თებერვალს შეჭრა გარდაუვალი ჩანდა, ევროპის აქციები ყველაზე მეტად დაეცა. გერმანიის DAX 3.7%-ით შემცირდა, რასაც მოჰყვა იტალიის FTSE MIB-ის, საფრანგეთის CAC 40 ინდექსისა და ესპანეთის IBEX 35-ის დაახლოებით 3.5%-იანი ვარდნა. ლონდონის FTSE 100 დაახლოებით 2%-ით დაეცა.
იმ დროისათვის, როდესაც აშშ-ის ბაზარი გაიხსნა, დეესკალაციის ნიშნების გამო პანიკა დამშვიდდა. თუმცა შეჭრის საფრთხე არ გამქრალა.
Capital.com-ის ბაზრის მთავარი სტრატეგის – დევიდ ჯონსის თქმით, ინვესტორების განწყობა ჯერ კიდევ დანის წვერზეა.
ომი, რა თქმა უნდა, არ არის კარგი ბევრი მიზეზით, მაგრამ რამდენად ცუდია ის რეალურად აქციების ფასებისთვის?
საფონდო ბირჟებისთვის ომის საშიშროება დიდი დარტყმაა, მაგრამ არასტაბილურობამ შეიძლება სწრაფად გაიაროს.
2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიჭრა და მისი ანექსია განახორციელა, აშშ-ის S&P 500 6%-ით დაეცა, თუმცა როგორც Century Financial-ის ბაზრის მთავარი ანალიტიკოსი – არუნ ლესლი ჯონი ამბობს, ბაზრებმა საწყისი დანაკარგები სწრაფად აღადგნინა. მისივე თქმით, S&P 500 უფრო დრამატულად, 43%-ით შემცირდა, როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, მაგრამ ეს აშშ-ის ქვეპრაიმ იპოთეკურ კრიზისთან უფრო იყო დაკავშირებული, ვიდრე რუსეთთან.
1990 და 2003 წლებში აშშ-ის ხელმძღვანელობით ერაყზე შეტევებმა გლობალური საფონდო ბირჟების სწრაფი ვარდნა გამოიწვია, თითოეულ ჯერზე 10%-ზე მეტით. თუმცა ეს მდგომარეობა რამოდენიმე თვეში გამოსწორდა.
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ვაჭრობის პირველ დღეს S&P 500 11.6%-ით დაეცა.
ავიაკომპანიები ყველაზე მეტად დაზარალდა, მაგრამ იყვვნენ გამარჯვებული ლიდერებიც. თავდაცვისა და იარაღის კონტრაქტორებზე მოთხოვნა გაიზარდა, ხოლო ოქროსა და ნავთობის აქციების ფასებმა მოიმატა. ნოემბრისთვის უოლ სტრიტმა ზარალი აღადგინა.
მსგავსი ისტორია იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც. 1941 წლის 7 დეკემბერს, როდესაც იაპონელები პერლ ჰარბორს თავს დაესხნენ აშშ-ის საფონდო ბაზარი 3.8%-ით დაეცა, მაგრამ 1945 წლის 2 სექტემბერს ომის დასრულებისთვის დოუ ჯონსი 50%-ით მაღალი იყო.
ლესლი ჯონის თქმით, ისტორია მიგვანიშნებს, რომ ომის საწყისი შოკი გასაოცარი სისწრაფით გადის. იგი ამბობს, რომ გეოპოლიტიკურმა საკითხებმა შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში ბაზარზე ძვრები გამოიწვიოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საფუძვლები დომინირებს.
Quilter Investors-ის პორტფელის მენეჯერის – პოლ კრეიგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომი სიცოცხლის დიდ დანაკარგებს იწვევს, მისი ზემოქმედება აქციებზე შეიძლება შედარებით სუსტი იყოს.
თუ ინვესტორები სწრაფ გამარჯვებას მოელიან, ბაზარი შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ჩვენ ეს ვნახეთ 2003 წელს, როდესაც აშშ ერაყში შეიჭრა. ადრეულმა წარმატებებმა ბაზარს დააჯერა, რომ ომი უფრო სწრაფად დამთავრდებოდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. CNN-მაც კი გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ბომბები ცვივა, აქციები იზრდება“.
როგორც კრეიგი ამბობს, ბაზრები უფრო მეტად კომპანიის სუსტ წარმადობაზე რეაგირებს, ვიდრე უფრო ფართო გეოპოლიტიკურ მოვლენებზე.
ასე რომ, ზედმეტად ნუ შეშფოთდებით ომზე საუბრებით და თქვენს პორტფელში ნერვიულად ცვლილებებს ნუ შეიტანთ.
კრეიგის თქმით, კორპორატიული შემოსავალი და ეკონომიკური გარემო უფრო მნიშვნელოვანია ბაზრებისთვის, ვიდრე კონფლიქტური პოლიტიკა საშუალოვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსული სავაჭრო ნაკადები შედარებით მცირეა.
Trade Nation-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის, დევიდ მორისონის თქმით, მოულოდნელმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა შეიძლება ბაზრის ძლიერი რეაქციები გამოიწვიოს, რაც ერთ დღეს ბაზრების კრახში, ხოლო მეორე დღეს მათ ისევ ზრდაში გამოიხატება.
იგი დასძენს, რომ მოვაჭრეებისთვის ძალიან რთულია თანმიმდევრულად ისარგებლონ მოვლენებზე ორიენტირებული სვლებით, რადგან შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.
ამჯერად დიდი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთ-უკრაინის დაძაბულობამ შეიძლება არსებული ინფლაციური კრიზისი გააუარესოს, თუ დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებს და ვლადიმერ პუტინი საპასუხოდ ევროპაში ნავთობისა და გაზის მიწოდებას დაბლოკავს.
მორისონი ამბობს, რომ ევროპული ინდექსებისთვის, განსაკუთრებით გერმანული DAX-ისთვის, შესაძლოა, ნეგატივი უფრო დიდხანს გაგრძელდეს ქვეყნის რუსეთთან კავშირების გამო.
ასევე, როგორც მორისონი აღნიშნავს, ინვესტორებს შეუძლიათ, აშშ-ის ბაზრებზე ნებისმიერი ვარდნა გამოიყენონ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ უშუალოდ კონფლიქტში ჩაერთვება, მაგრამ დანამდვილებით ვინ იცის?
ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს Swift საერთაშორისო გადახდების სისტემის გამოყენებაში დაბლოკავს, განსაკუთრებით საზიანო იტალიისა და საფრანგეთის ბანკებისთვის იქნება, რომლებსაც, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის თანახმად, რუსეთში საერთო $50 მილიარდის ექსპოზიცია აქვთ, ხოლო ავსტრიული ბანკების ექსპოზიცია ამ ქვეყანაში $17.5 მილიარდს შეადგენს. აშშ-ის საბანკო ექსპოზიცია უფრო დაბალია – $14.7 მილიარდი.
Unicredit-ს, RBI-ს, Societe Generale-სა და ING-ს რუსეთში შვილობილი კომპანიები აქვთ და სანქციების რისკის ქვეშ იმყოფებიან, ამბობს საინვესტიციო ბანკი – JP Morgan.
მიუხედავად ამისა, დაძაბულობა ზოგიერთი კომპანიისთვის შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს, რადგან ნავთობის გიგანტების – Shell-ის, BP-ის, Exxon Mobil-ისა და Chevron-ის აქციის ფასები იზრდება.
ინვესტორებს, რომლებსაც აინტერესებთ, თუ როგორ აფასებენ ბაზრები ომის პერსპექტივას, ალბათ, შეუძლიათ პასუხი ნავთობის ფასების დათვალიერებით მიიღონ. ან, გადახედონ ოქროს ფასს, რომელიც მალე $1900-ს მიაღწევს. ეს ნაწილობრივ უკრაინის დამსახურებაა, მაგრამ ძვირფასი ლითონები მოთხოვნადია ისეთ ინვესტორებს შორის, რომლებიც შიშობენ, რომ ინფლაცია ფიატ ვალუტებზე (ეროვნული ვალუტა, რომელიც არ არის მიბმული ისეთი საქონლის ფასზე, როგორიც ოქრო ან ვერცხლია) დიდ გავლენას იქონიებს.
ომი არ არის ყველაზე დიდი საზრუნავი, რომელიც ამჟამად ინვესტორებს აწუხებთ, რადგან იანვარში აშშ-ში ინფლაციამ 40 წლის მაქსიმუმს – 7.5%-ს მიაღწია.
შესაძლოა, ამან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა და სხვა ბანკირები აიძულოს, გაზარდონ დღევანდელი რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთი და ამით იაფი ფულის ეპოქაც დასრულდება.
საფონდო ბირჟის დღევანდელი შეფასებები შეიძლება რთული გასამართლებელი აღმოჩნდეს, თუ საქმეში ინფლაცია ჩაერთვება, რის გამოც აშშ-ის ტექნოლოგიური სექტორი ზედმეტად შეფასებული გამოჩნდება, რადგან ეს პროცესები მათ მომავალ შემოსავლებს ამცირებს.
Sanders Morris Harris-ის თამდჯდომარემ – ჯორჯ ბოლმა თქვა, რომ ინვესტორებმა თავიანთ პორტფელებში უნდა გაზარდონ 10%-20%-მდე, რადგან საფრთხეები გამრავლდა.
IG-ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმის მთავარი საბაზრო ანალიტიკოსი – კრის მოშამპი ამბობს, რომ მიუხედავად საშიშროებისა, თებერვლის განმავლობაში ბაზარზე აქციების შემცირებულ ფასად მყარი შეძენის ტენდენცია აღინიშნება.
იგი ასევე ამბობს, რომ თითქოს, ინვესტორები სამალავებიდან გამოდიან და გარიგებებს ახორციელებენ, მაგრამ ჩვენ მაინც მზად უნდა ვიყოთ მომავალი დიდი რყევებისთვის.
ბოშამპი ამატებს, რომ, როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება გაგრძელდება, რადგან გამოსავალი არ ჩანს და აქციების სისუსტე დროებით შენარჩუნდება.
თუ უკრაინა სათაურებს „დატოვებს“, ინვესტორების ყურადღება მალე სხვა თემებზე გადაინაცვლებს. ნომერ პირველი იქნება ინფლაცია, რომელსაც ისინი პუტინზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ. საშიშროება არის, რომ ორივეს მივიღებთ.