გუშინ Microsoft-ისა და იაპონური კონგლომერატის — Hitachi-ის წარმომადგენლებმა დააანონსეს მრავალმილიარდიანი პარტნიორობა, რომელიც სამწლიან ვადას მოიცავს. ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) ათვისების დაჩქარებაზეა ორიენტირებული.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ კოლაბორაციის ფარგლებში, Hitachi დააჩქარებს სოციალურ ინოვაციებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტით, თავის ბიზნეს შეთავაზებებში Microsoft-ის AI ტექნოლოგიის ინტეგრირების საშუალებით. Hitachi თავის Lumada Solutions-ის ბიზნესში განათავსებს Microsoft-ის ქლაუდ სერვისებს — Azure Open AI Service-ს, Dynamics 365-ს, Copilot-ს Microsoft 365-ს და GitHub Copilot-ს.
Hitachi-ის წარმომადგენლების თქმით, Lumada წარმოიშვა სიტყვებიდან „illuminate“ და „data“ — ეს არის „ზოგადი ტერმინი გადაწყვეტების, სერვისებისა და ტექნოლოგიური სისტემებისთვის, რომლებიც აჩქარებს ციფრულ ტრანსფორმაციას (DX) უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით“.
Hitachi-ში მოელიან, რომ ფისკალურ 2024 წელს Lumada-ს ბიზნესი კომპანიას $18.9 მილიარდს მოუტანს. შედარებისთვის, ფისკალურ 2023 წელს ამ მაჩვენებელმა $16.6 მილიარდი შეადგინა.
პარტნიორობა მიზნად ისახავს Hitachi-ის 270,000 თანამშრომლის პროდუქტიულობის გაუმჯობესებას
„ჩვენი გაფართოებული პარტნიორობა Hitachi-სთან Microsoft Cloud-ის სიმძლავრეს — Microsoft Copilot-ის ჩათვლით — Hitachi-ის ინდუსტრიულ გამოცდილებასთან გააერთიანებს, რათა ამ კომპანიის 270,000 თანამშრომლის პროდუქტიულობა გააუმჯობესოს და მომხმარებლებს უდიდესი გამოწვევების, მათ შორის მდგრადობის საკითხის, გადალახვაში დაეხმაროს“ — განაცხადა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ.
Hitachi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კეიჯი კოჯიმამ განაცხადა, რომ კომპანია ფისკალურ 2024 წელს GenAI-ში $2.1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. გარდა ამისა, იაპონური კონგლომერატი, Microsoft-თან პარტნიორობის ფარგლებში, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უნარების ასათვისებლად 50 000-ზე მეტ პროფესიონალს გადაამზადებს.
აღსანიშნავია, რომ Microsoft AI სივრცეში დამკვიდრდა, როგორც ადრეული ლიდერი ChatGPT-ის მწარმოებელ OpenAI-სთან უწყვეტი პარტნიორობის საშუალებით. ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავისი AI ტექნოლოგიის მონეტიზაციაში ადრეულ წარმატებას კორპორატიული კლიენტების მეშვეობით მიაღწია — Microsoft კომპანიებს AI-ზე მომუშავე პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $416.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $491.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.