რეი დალიო არის ინვესტორი, რომელმაც საინვესტიციო სამყაროში სულ რაღაც 12 წლის ასაკში შეაბიჯა და ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰეჯ-ფონდის — Bridgewater Associates-ის დამფუძნებელს, რეის საკმაოდ დიდი ცოდნა დაუგროვდა, რომელსაც იგი დროდადრო საზოგადოებას უზიარებს.
ერთ-ერთ ინტერვიუში რეი დალიომ საკუთარი გამოცდილება ხუთსაფეხურიან პროცესად დაყო და საზოგადოებას შესთავაზა წარმატების რუკა, რომელიც ეფექტიანი და, ამავდროულად, მარტივია. ყველას, ვისაც გააჩნია ნებისყოფა და მიზანდასახულობა წარმატების მისაღწევად, შეუძლია გამოიყენოს ის, როგორც გზამკვლევი საკუთარი მოგზაურობისთვის.
გაიაზრეთ საკუთარი მიზნები
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ადამიანების უმეტესობა ცხოვრების გზაზე მკაფიო მიზნის გარეშე დადის. მაგრამ მნიშვნელოვან მოგზაურობას დანიშნულების ადგილის განსაზღვრის გარეშე ვერ დაიწყებთ. მკაფიო მიზნების დასახვა გეხმარებათ, საკუთარი ცხოვრება მიმართოთ იმისკენ, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, მიზნის განსაზღვრა არა მხოლოდ განმარტავს იმას, რისკენაც ისწრაფვით, არამედ მიუთითებს იმაზეც, რასაც უკან მოიტოვებთ. ღირს თუ არა თქვენი მიზანი მისთვის საჭირო მსხვერპლად? როგორც დალიომ აღნიშნა, მიზნისკენ სწრაფვა პრიორიტეტიზაციას მოითხოვს. თუ პრიორიტეტების დადგენას ვერ მოახერხებთ, უბრალოდ უმიზნოდ იხეტიალებთ.
თვალი გაუსწორეთ პრობლემებსა და წარუმატებლობას
პრობლემები და გარკვეულ ეტაპზე წარუმატებლობა გარდაუვალია. აქედან გამომდინარე, ამ რეალობისთვის თვალის გასწორება მნიშვნელოვანია.
„თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ და საზღვრების გარღვევისკენ ისწრაფვით, მარცხს იგემებთ, მაგრამ ცხოვრება გრძელი მოგზაურობაა და წარუმატებლობა არა დასასრული, არამედ პროცესის ნაწილია. თუ მარცხისა და ტკივილისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას ისწავლით, მიხვდებით, რომ ისინი ყველაზე ღირებულია“ — ამბობს რეი დალიო.
პრობლემების უგულებელყოფა მათ არ გააქრობს. პრობლემებისა და გამოწვევებისთვის თვალის გასწორება არის მთავარი ნაბიჯი წარმატებისკენ მიმავალი გზის გასაკვალად.
გამოიკვლიეთ პრობლემის ძირეული მიზეზი
მას შემდეგ, რაც პრობლემებს გაბედულად გაუსწორებთ თვალს, მნიშვნელოვანია, მას ჩაუღრმავდეთ და ძირეულ მიზეზს მიაგნოთ. ამ პროცესში შეიძლება სასარგებლო იყოს დახმარების თხოვნა, რადგან სხვა ადამიანები საკითხების ახალი პერსპექტივიდან დანახვაში დაგეხმარებიან.
რა არის კონკრეტული პრობლემის გამომწვევი პირველწყარო? დალიო ამბობს, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენთან, გარშემომყოფებთან და გარემოსთან, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ზუსტი დიაგნოზის დასადგენად პირადი აღმოჩენის ამ პროცესს სათანადო დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ.
შეიმუშავეთ გზა პრობლემის გადასაჭრელად
ამ საფეხურზე გადასვლისას თქვენი კრეატიულობა და გონებამახვილობა უნდა აამოქმედოთ. მას შემდეგ, რაც პრობლემებს თვალს გაუსწორებთ და მათ ძირეულ მიზეზს ჩაუღრმავდებით, დაბრკოლების გადალახვის გზა უნდა იპოვოთ.
„ეს გზა შეიძლება გულისხმობდეს სამსახურის შეცვლას ან ისეთი ადამიანების გარემოცვაში მოხვედრას, რომლებიც თქვენთვის სუსტ სფეროებში ძლიერები არიან“ — ამბობს რეი.
ნუ შეგაშინებთ სხვადასხვა გადაწყვეტილების გამოცდა და თუ ერთი გზა არ გაამართლებს, წარუმატებლობას არასოდეს მისცეთ უფლება, შეგაჩეროთ. გახსოვდეთ მეორე ნაბიჯი — წარუმატებლობა მხოლოდ მოგზაურობის ნაწილია და არა მისი დასასრული. შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ ახალი შაბლონები და ჩვევები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას სწორი მიმართულებით წარმართავს.
იმოქმედეთ
როგორც რეი დალიო ამბობს, „ბევრი ადამიანი აყალიბებს გეგმებს პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ მოქმედებაზე აღარ გადადის“.
ძალა არა თეორიული, არამედ გამოყენებითი ცოდნაა. შეიძლება ქაღალდზე ყველაფერი გქონდეთ, რაც გჭირდებათ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, თუ არ იმოქმედებთ. ყველაზე კარგად ჩამოყალიბებული გეგმაც კი არაფერს ნიშნავს ეფექტიანი მოქმედების გარეშე. უნდა გეყოთ გამბედაობა, რომ პრაქტიკაში განახორციელოთ თქვენი სტრატეგია, თვალყური ადევნოთ პროგრესს და მზად იყოთ მოქნილობისთვის.