ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Pinterest-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი სოციალური მედიის პლატფორმის აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით გაუმჯობესდა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან — თითქმის 2%-ით.
ფინანსური მაჩვენებლები
ერთი მხრივ, მეოთხე კვარტალში დაფიქსირებული ზრდა და პროგნოზები 2024 წლის პირველი კვარტლისთვის უოლ სტრიტის მოლოდინებს ჩამორჩებოდა. მეორეს მხრივ, ზრდა ჩქარდება, Pinterest-ის მენეჯმენტმა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პარტნიორობა დააანონსა და, შედეგად, ბევრმა ანალიტიკოსმა კომპანიის აქციების სამიზნე ფასები გაზარდა. რომ არა ეს პოზიტიური მოვლენები, როგორც ჩანს, პარასკევს Pinterest-ის აქციების ფასი კიდევ უფრო მეტად შემცირდებოდა.
რაც შეეხება ზრდას, 2023 წლის დასასრულის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით Pinterest-ს თითქმის 500 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. უფრო მეტიც, მეოთხე კვარტალში შემოსავალი წლიურად 12%-ით — $981 მილიონამდე გაიზარდა. მართალია, მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს — $990.18 მილიონს ჩამორჩა, მაგრამ კომპანიისთვის ეს იყო ზედიზედ მეოთხე კვარტალი, როდესაც შემოსავალი წლიურად გაუმჯობესდა. პირველი კვარტლისთვის კი მენეჯმენტი მოელის, რომ შემოსავალი მინიმუმ 15%-ით მოიმატებს.
მეოთხე კვარტალში Pinterest-ისთვის კიდევ ერთი საყურადღებო პუნქტი იყო მისი ბევრად გაუმჯობესებული მომგებიანობა. საოპერაციო ხარჯების კონტროლის წყალობით (ამასთან გაყიდვებისა და მარკეტინგის დანახარჯების არსებითად შემცირებით), გასულ კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ $200 მილიონს მიაღწია, ანუ მოგების მარჟამ 21% შეადგინა. თითო აქციაზე მოგება (EPS) კი $0.53-ს გაუტოლდა, რამაც უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.51-ს გადააჭარბა.
Pinterest-ის მთელი წლის შემოსავალმა 9%-ით მოიმატა $3.06 მილიარდამდე, თუმცა ამ დროის განმავლობაში კომპანიის ზარალმა $35.6 მილიონი შეადგინა.
რაც შეეხება მომავალს, Pinterest-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $690-$705 მილიონს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი კი უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $702.6 მილიონს ჩამოუვარდება.
ახალი პარტნიორობა ზრდას ხელს შეუწყობს?
Pinterest შემოსავალს რეკლამებიდან გამოიმუშავებს. ცოტა ხნის წინ კი კომპანიის მენეჯმენტმა დააანონსა სარეკლამო პარტნიორობა Amazon-თან, რომელიც ახლა ძალაშია. ხუთშაბათს, კვარტალური ანგარიშის წარდგენისას, კი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს მორიგი პარტნიორობის შესახებ Alphabet-ის Google-თან.
Pinterest-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ პარტნიორობას მეოთხე კვარტლის შედეგებზე მნიშვნელოვნად არ უმოქმედია, მაგრამ მათ აღნიშნეს, რომ ამ გადაწყვეტილებას მიმდინარე მეოთხედში უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კომპანიის ზრდაში. Pinterest-ში მოელიან, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება.
ანალიტიკოსების შეფასებები
Pinterest-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $37.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $43.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $50.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pinterest-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 21-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Pinterest-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.