გასული კვირის განმავლობაში Dell Technologies-ის აქციების ფასი თითქმის 13%-ით გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით ტექნოლოგიურმა კომპანიამ მოიპოვა კონტრაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც Tesla-ს AI (ხელოვნური ინტელექტი) სერვერის მშენებლობასთან არის დაკავშირებული.
გარდა ამისა, გასული კვირის მანძილზე AI კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც Alphabet-ის მენეჯმენტმა, კომპანიის დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, ახალი პროდუქტები დააანონსა. მათ შორის იყო Google-ის საძიებო სისტემაში AI მიმოხილვის დამატება. როგორც ჩანს, ამან გამოიწვია ინვესტორების ენთუზიაზმის კიდევ ერთი ტალღა AI აქციების მიმართ.
წლის დასაწყისიდან Dell Technologies-ის აქციების ფასი დაახლოებით 100%-ით არის გაუმჯობესებული.
Tesla Dell-ს ირჩევს
როგორც ჩანს, Dell-ის აქციების ფასის აღმასვლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Tesla-ს AI სერვერის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას.
ხუთშაბათს, Evercore ISI-ის ანალიტიკოსმა — ამიტ დარინიანმა Dell Technologies-ის აქციების სამიზნე ფასი $140-დან $165-მდე გაზარდა. ამიტის თქმით, მან გაიგო, რომ Dell Tesla-ს AI სერვერის შექმნაში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს, რაც ტექნოლოგიურ კომპანიას AI მიმართულებით $2.9 მილიარდიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაში დაეხმარება. ანალიტიკოსის ვარაუდით, შეკვეთები Tesla-სგან წელს Dell-ს $2.5-$3 მილიარდის ოდენობით შემოსავალს მოუტანს.
ეს არ იქნება კომპანიისთვის მთავარი ფაქტორი, რადგან Dell-მა შარშან $88.4 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა. თუმცა ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან კომპანიის პოზიციას AI სფეროში, რადგან მოსალოდნელია, რომ მომავალში ეს მოთხოვნის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იქნება.
რას უნდა ველოდეთ მომავალში?
Dell-ის მენეჯმენტს Tesla-სთან გარიგების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, ამიტომ დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია. სავარაუდოდ, უფრო მეტს გავიგებთ 30 მაისს, როდესაც ტექნოლოგიური კომპანია კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კვარტალური შემოსავალი 6.8%-ით — $21.66 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო მოგება თითო აქციაზე (EPS) $1.31-დან $1.22-მდე შემცირდება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Dell-ის აქციებს?
Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $150.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $125.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $152.00-ს, ხოლო მინიმალური — $94.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Dell Technologies-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.