PDD Holdings-მა 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები 22 მაისს გამოაქვეყნა. ელექტრონული კომერციის ჩინური გიგანტის კვარტალური შემოსავალი წლიურად 131%-ით — $12.02 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს საგრძნობლად, $1.44 მილიარდით გადააჭარბა. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 199%-ით მოიმატა და $2.83-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.40-ს.
PDD Holdings-ის ზრდის ტემპები შესანიშნავია, მაგრამ ბოლო 1 წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი უკვე დაახლოებით 115%-ით არის გაუმჯობესებული — რამდენად მოსალოდნელია მომავალში ამ მაჩვენებლის კიდევ ზრდა?
რატომ იზრდება PDD-ის აქციების ფასი ასე სწრაფად?
PDD (Pinduoduo-ს შემოკლებული ფორმა) შემოსავლის მიხედვით ჩინეთის მესამე უმსხვილესი ელექტრონული კომერციის კომპანიაა Alibaba-სა და JD.com-ის შემდეგ. PDD-მ თავდაპირველად ნიშა დაიკავა თავისი დიდი ფასდაკლებებით, რომლებმაც სოციალური მედიის პლატფორმებზე უამრავი მყიდველი გააერთიანა. ამ სტრატეგიისთვის Alibaba და JD.com მზად არ აღმოჩნდნენ და Pinduoduo-მ ჩინეთის ნაკლებად განვითარებულ ქალაქებში ასობით მილიონი მომხმარებელი მიიზიდა.
PDD-მ ადრეული ზრდის ტემპი გამოიყენა ისეთი ონლაინ სასოფლო-სამეურნეო ბაზრის შესაქმნელად, რომელიც ჩინეთის ფერმერებს, შუამავლების გარეშე, უშუალოდ ონლაინ მყიდველებთან აკავშირებს. კომპანია ასევე გაფართოვდა Temu-ს, ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის პლატფორმის საშუალებით, რომელიც ჩინელ მოვაჭრეებს საშუალებას აძლევს, თავიანთი პროდუქცია უცხოელ მყიდველებზე გაყიდონ.
გაფართოების ორივე სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა. PDD ჩინეთის უდიდესი ონლაინ სასოფლო-სამეურნეო ბაზარია, ხოლო Temu გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა აშშ-ში, ევროპასა და სხვა საზღვარგარეთულ ბაზრებზე. ბოლო პერიოდში მან საქართველოშიც დიდი პოპულარობა მოიპოვა.
2019-დან 2023 წლამდე, PDD-ის შემოსავალი 69%-ის ტოლი ნაერთი წლიური ზრდის ტემპით (CAGR) გაიზარდა. გარდა ამისა, 2021 წელს კომპანიამ მიაღწია მომგებიანობას, რადგან ეტაპობრივად გააუქმა პირველი მხარის, დაბალმარჟიანი და გააფართოვა მესამე მხარის, უფრო მაღალმარჟიანი ბაზარი, ამასთან შეამცირა ლოჯისტიკური ხარჯები. 2021 წლიდან 2023 წლამდე PDD Holdings-ის წმინდა მოგება თითქმის რვაჯერ გაიზარდა.
ამ ფეთქებადი ზრდის ტემპების წყალობით, PDD მოხვდა იმ რამდენიმე ჩინურ აქციებს შორის, რომლებსაც ამერიკელი ინვესტორები ჯერ კიდევ ყიდულობენ აშშ-ისა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ესკალაციის ფონზე. ამიტომაც ბოლო 5 წლის განმავლობაში მისმა წარმადობამ ადვილად გადააჭარბა Alibaba-სა და JD.com-ის აქციებს.
რამდენად მაღალ ნიშნულამდე შეუძლია PDD-ის აქციებს ასვლა?
ადვილი მისახვედრია, რატომ მიიზიდა PDD-მ ინვესტორები. გასული წლის განმავლობაში, კომპანიის შემოსავლების ზრდა თანმიმდევრულად დაჩქარდა, საოპერაციო მარჟა გაუმჯობესდა და ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი წმინდა მოგება გაიზარდა.
მაჩვენებელი | 2023 წლის I კვ. | 2023 წლის II კვ. | 2023 წლის III კვ. | 2023 წლის IV კვ. | 2024 წლის I კვ. |
---|---|---|---|---|---|
შემოსავლის წლიური ზრდა | 58% | 66% | 94% | 123% | 131% |
საოპერაციო მარჟა | 18% | 24% | 24% | 25% | 30% |
წმინდა მოგების წლიური ზრდა | 212% | 47% | 47% | 146% | 246% |
ჩინეთი მაკრო გარემოს დასტაბილურებამ, კომპანიის ონლაინ სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ზრდამ და Temu-ს საზღვარგარეთ გაფართოებამ გაყიდვებისა და მოგების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.
2023 წელს PDD-ის შემოსავალი 90%-ით გაიზარდა, JD.com-ის — მხოლოდ 4%-ით, ხოლო ფისკალურ 2024 წელს (დასრულდა გასულ მარტში) Alibaba-ს Taobao-სა და Tmall Group-ის შემოსავალი 5%-ით გაუმჯობესდა.
რაც შეეხება მომავალს, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2023-დან 2026 წლამდე, PDD-ის შემოსავალი და წმინდა მოგება დაახლოებით 33%-ის ტოლი CAGR-ით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ სანამ ჩინეთსა და აშშ-ის შორის დაძაბულობა გაგრძელდება, შესაძლოა, PDD-ს მოულოდნელ კონკურენტულ და მარეგულირებელ წინაღობებთან მოუწიოს გამკლავება.
PDD-ის თანა-აღმასრულებელმა დირექტორმა — ჩენ ლეიმ ახლახან აღიარა, რომ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს ძალისხმევა კომპანიის პლატფორმასთან კონკურენციის გასაწევად. რაც შეეხება საკანონმდებლო გამოწვევებს, Temu შეიძლება აღმოჩნდეს მეტი ზეწოლის ქვეშ აშშ-ისა და ევროპაში მარეგულირებლების მხრიდან, რადგან მათ მკაცრი მიდგომები აქვთ პოპულარული აპლიკაციების მიმართ — როგორიც არის, მაგალითად, ByteDance-ის TikTok — რომლებიც ჩინურ კომპანიებთან არის დაკავშირებული.
ბოლო 12 თვის განმავლობაში PDD Holdings-ის აქციებმა შესანიშნავი აღმასვლა განიცადა, თუმცა ნიშნული მაინც 30%-ით ჩამოუვარდება ყველა დროის მაქსიმუმს, რომელსაც კომპანიამ 2021 წლის თებერვალში მიაღწია.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები PDD Holdings-ის აქციებს?
PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $146.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $217.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $272.00-ს, ხოლო მინიმალური — $184.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი PDD Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 49%-იან ზრდას გულისხმობს.
PDD Holdings-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.