გასულ წელს Devon Energy-მ დივიდენდის გაცემის უნიკალური ფორმა შეიმუშავა. ნავთობკომპანიამ ინდუსტრიაში პირველი, ფიქსირებული+ცვლადი დივიდენდების პოლიტიკა წამოიწყო. შედეგად, Devon, მზარდი ფულადი ნაკადებისა და ნავთობის მაღალი ფასების წყალობით, მასიური პასიური შემოსავლის მწარმოებელი ხდება. კომპანიამ, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ გაზარდა დივიდენდები და და ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ნავთობის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Devon-ს შეუძლია მაღალი დივიდენდების გადახდა მომდევნო კვარტლებშიც გააგრძელოს.
მზარდი ფულადი ნაკადები
Devon-მა პირველი კვარტლის შედეგები ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ნავთობკომპანიამ $1.8 მილიარდის მოცულობის საოპერაციო ფულადი ნაკადები გამოიმუშავა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, 14%-ით მეტია. იმავდროულად, კომპანიის თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $1.3 მილიარდს მიაღწია, რაც 18%-იანი თანმიმდევრული ზრდაა.
ნავთობკომპანიამ ფულადი ნაკადები გამოიყენა კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად და კვარტალური დივიდენდების გადასახდელად – $0.16 თითო აქციაზე. ამ ხარჯების დაფარვის შემდეგაც კი კომპანიას $1.3 მილიარდის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები დარჩა. Devon-მა ამ თანხის ნახევარი ცვლადი დივიდენდების მეშვეობით გადაიხადა და თითო აქციაზე დივიდენდურმა დანახარჯმა კვარტალში რეკორდულ $1.27-ს მიაღწია. ეს ბოლო გადახდის შემდეგ 27%-იანი ზრდაა.
Devon-მა დარჩენილი თანხის ნაწილი ბალანსის გასაძლიერებლად შეინარჩუნა და ფულადი ბალანსი $354 მილიონით – $2.6 მილიარდამდე გაზარდა. იმავდროულად, კომპანიამ, 19.1 მილიონი აქციის გამოსყიდვის საშუალებით აქციონერებს $891 მილიონი დაუბრუნა. ამჟამინდელი გამოსყიდვის პროგრამის დაწყების შემდეგ, კომპანიამ აქციების რაოდენობა 3%-ით შეამცირა.
აქციონერებისკენ მეტი ფულადი ნაკადები მიედინება
Devon Energy, გასული წლის განმავლობაში, ყოველ კვარტალში სტაბილურად უბრუნებდა უფრო მეტ ფულს თავის ინვესტორებს. მთლიანობაში, კომპანიამ თავისი ფიქსირებული+ცვლადი დივიდენდების გადახდა თვალისმომჭრელი 270%-ით გაზარდა. Devon-მა თავისი ფიქსირებული საბაზისო დივიდენდი 45%-ით გაზარდა, ხოლო მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი ცვლადი დივიდენდების მეშვეობით გადაიხადა.
ამჟამინდელი ნავთობის ფასების დონის გათვალისწინებით, Devon-ის მენეჯმენტი მოელის, რომ წელს კომპანია ინვესტორებისთვის ფულადი სახსრების დაბრუნებას განაგრძობს. მენეჯმენტის აზრით, Devon-ს 2022 წლისთვის თითო აქციაზე $4.75-ის ტოლი დივიდენდი გადახდის პოტენციალი გააჩნია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე ($1.97) ბევრად მეტია. კომპანიის ამჟამინდელი აქციების ფასის გათვალისწინებით, გადახდის ეს დონე 8%-ის ტოლ დივიდენდურ შემოსავალს გულისხმობს. ეს S&P 500-ის დივიდენდურ ანაზღაურებას ექვსჯერ აღემატება.
გარდა ამისა, Devon-მა აქციების გამოსყიდვის ავტორიზაცია 25%-ით – $2 მილიარდამდე გაზარდა. ეს საკმარისია აქციების რაოდენობის 5%-ით შესამცირებლად. აქციების რაოდენობის შემცირებით, კომპანიას მომავალი ცვლადი დივიდენდების ნაკლებ აქციებზე გადანაწილება მოუწევს, რაც თითო აქციაზე გადახდებს გაზრდის.
ნავთობით გამოწვეული პასიური შემოსავალი
Devon ინვესტორებს ნავთობის მაღალი ფასებით სარგებლობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. კომპანიის დივიდენდური პოლიტიკა ყოველ კვარტალში ნაღდი ფულის ნახევარს აქციონერებზე ანაწილებს. როგორც ჩანს, უახლოეს პერსპექტივაში ეს მდგომარეობა გაგრძელდება, რადგან ნავთობის ფასები უნდა დარჩეს გაზრდილი, მიწოდების შეზღუდვის გამო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. ამ მიზეზით, Devon Energy ახლა მიმზიდველი ვარიანტია ინვესტორებისთვის, რომლებიც მაღალ პასიურ შემოსავალს ეძებენ.