კვირას ნავთობის ფასი სავაჭრო სესიის დასაწყისში დაეცა, რამაც გასული კვირის ვარდნის ტენდენცია გაახანგრძლივა, რადგან აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინასთან მოლაპარაკებების წარმოების ნიშნებს ავლენს.
Brent-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსების ფასი $1.82-ით, ანუ 1.6%-ით დაეცა და აღმოსავლური დროით 18:47 საათისთვის ბარელზე $110.85 შეადგინა. WTI-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსების ფასი კი $2.41-ით, ანუ 2.2%-ით შემცირდა და ბარელზე $106.92 გახდა.
თებერვლის ბოლოს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ, რომელსაც მოსკოვი „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს, გლობალური ენერგეტიკული ბაზრები შეარყია. Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი, მას შემდეგ, რაც 7 მარტს $139.13-ს მიაღწია, 4.8%-ით შემცირდა. აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასმა, 7 მარტის მაქსიმუმის – $130.50-ის შემდეგ, 5.7%-იანი ვარდნა განიცადა. ორივე მათგანი ბოლოს ამ საფასო პიკს 2008 წელს შეეხო.
ინვესტორები შეშფოთებული არიან რუსეთის ქმედებების შემდეგ ნავთობის ბაზარზე მდგომარეობის გაუარესებით. გასულ კვირას ფასები დაეცა, რადგან მოვაჭრეებმა შეაფასეს პოტენციური გაუმჯობესება მიწოდების პერსპექტივისა, რომელიც უკრაინის კრიზისის გამო შეფერხდა.
კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ – ვენდი შერმანმა განაცხადა, რომ რუსეთი აჩვენებს უკრაინასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის ნიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ მოკოვს მეზობლის „განადგურება“ აქვს განზრახული.
საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ცნობით, კრემლის პრესსპიკერმა – დიმიტრი პესკოვმა კვირას განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ორშაბათს გაგრძელდება.
პესკოვმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა – ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი კვირას მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებდნენ.
რუსეთის მთავრობამ კვირას განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციების გასაძლებად ჩინეთის დახმარების იმედი აქვს, თუმცა აშშ-ის მთავრობამ პეკინი გააფრთხილა, რომ რუსეთს დახმარება არ გაუწიოს.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა – ჯეიკ სალივანმა, რომელიც ოთხშაბათს რომში ჩინეთის უმაღლეს დიპლომატს – იან ჯიეჩის უნდა შეხვდეს, გააფრთხილა პეკინი, რომ ის ნამდვილად დაზარალდება, თუ მოსკოვს სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება.