გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 151%-ით არის გაუმჯობესებული.
კატალიზატორი, რომელმაც Nvidia-ს აქციებზე პოზიტიურად იმოქმედა, იყო ცნობები, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა ამ ეტაპისთვის ჩიპების მწარმოებლის აქციების გაყიდვა დაასრულა.
ჯენსენ ჰუანგმა $700 მილიონზე მეტის ღირებულების აქციები გაყიდა
ბოლო თვეებში Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიის აქციების დიდი ნაწილი გაყიდა, რამაც ინვესტორების ყურადღება მიიპყრო. მთლიანობაში, ჯენსენ ჰუანგის მიერ გაყიდული აქციების რაოდენობამ დაახლოებით 6 მილიონს მიაღწია, რომელთა მთლიანმა ღირებულებამაც თითქმის $713 მილიონი შეადგინა. ჯენსენის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები იყო წინასწარ შეთანხმებული საფონდო ვაჭრობის გეგმის ნაწილი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში შეიქმნა.
გაყიდვები განხორციელდა 10b5-1 გეგმის შესაბამისად, რომელიც ინსაიდერებს საშუალებას აძლევს, გაყიდონ აქციები მომავალში წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ინსაიდერული ვაჭრობის წესების დარღვევის გარეშე. გასული სამი თვის განმავლობაში ოთხ ათეულზე მეტ ტრანზაქციის საშუალებით ჰუანგმა მთლიანობაში 6 მილიონი აქცია გაასხვისა, რითაც მიაღწია წინასწარ შეთანხმებულ გეგმაში დადგენილ ლიმიტს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა Nvidia-ს აქციების გაყიდვა დაასრულა — ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
ზოგიერთი ინვესტორი ნერვიულობს, როდესაც ინსაიდერები აქციებს ყიდიან, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. გავრცელებულია ჭორები, რომ „მათ იციან რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით“ ან „აქციების ფასმა პიკს მიაღწია“.
როგორია რეალობა?
თუმცა აქციების გასაყიდად უამრავი მიზეზი არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის აღმასრულებლის კომპენსაციის პაკეტის დიდ ნაწილს შეადგენს. სწორედ ასეა ჰუანგის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შემთხვევაშიც, რადგან მისი მთლიანი ანაზღაურების 96%-ს შეადგენს აქციების ოფციები, რომლებიც Nvidia-ს წარმადობაზეა მიბმული. შედეგად, პოზიტიური შედეგების დაფიქსირებისგან სარგებლის მისაღებად, ჰუანგმა და სხვა აღმასრულებლებმა კომპანიის აქციები უნდა გაყიდონ. ასე რომ, ამ ტრანზაქციებში შემაშფოთებელი არაფერია.
გარდა ამისა, ჯენსენ ჰუანგი კვლავ Nvidia-ს აქციების უდიდესი ინდივიდუალური მფლობელია. ჩიპების მწარმოებლის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, აღმასრულებელი დირექტორი კომპანიის 93 მილიონზე მეტ აქციას, ანუ არსებული აქციების 3.75%-ზე მეტს ფლობს. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჰუანგი ჯერ კიდევ დარწმუნებულია Nvidia-ს სამომავლო პერსპექტივაში.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $121.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 42 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $152.44-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 42 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.