გასულ კვირაში Nvidia-ს აქციების ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩიპების მწარმოებელმა მორიგი რეკორდული კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. ეს კი, თავის მხრივ, გამოწვეული იყო კომპანიის ნახევარგამტარებზე არსებული მზარდი მოთხოვნით.
Nvidia-მ კვარტალური ანგარიში გასულ ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნა. ხუთშაბათს კი მისი საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდამ $221 მილიარდს გადააჭარბა, რაც რიგით მეორე რეკორდულ დღიურ მატებას წარმოადგენს. უფრო დიდი ერთდღიანი ნახტომის ერთადერთი შემთხვევა მაშინ დაფიქსირდა, როდესაც Nvidia-ს აქციების ფასი ერთ დღეში 16%-ზე მეტით გაიზარდა ფისკალური მეოთხე კვარტლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. მაშინ ჩიპების მწარმოებელი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ დღეში $272 მილიარდით გაუმჯობესდა.
პარასკევს კი Nvidia-ს აქციების ფასი კიდევ 2.8%-ით გაიზარდა და საბოლოო, გასულ კვირაში, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მატებამ $338 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი აღემატება მრავალი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ), კომპანიების დიდი ნაწილის საბაზრო ღირებულებას და აშშ-ის სამთავრობო უწყებების უმეტესობის ბიუჯეტს.
მაჩვენებლის პერსპექტივაში განხილვა
იმისათვის, რომ უკეთ აღვიქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია გასულ კვირაში Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა, მოდით, ეს მაჩვენებელი პერსპექტივაში განვიხილოთ. $338 მილიარდი:
აღემატება Oracle-ის მთლიან საბაზრო კაპიტალიზაციას. ეს კომპანია კი S&P 500 ინდექსში, საბაზრო ღირებულების მიხედვით, მე-20 ადგილს იკავებს.
$70 მილიარდით აჭარბებს AI ჩიპების ბაზარზე Nvidia-ს უმსხვილესი კონკურენტის — Advanced Micro Devices (AMD) საბაზრო ღირებულებას.
აღემატება ამერიკის ორი უდიდესი საინვესტიციო ბანკის — Morgan Stanley-ისა და Goldman Sachs-ის ერთობლივ საბაზრო ღირებულებას.
უტოლდება შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიის — Walmart-ის ნახევარი წლის გაყიდვებს.
მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემებით, აღემატება მსოფლიოს 170 ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ).
ორჯერ აღემატება აშშ-ის სამამულო უსაფრთხოების დეპარტამენტის წლიურ ბიუჯეტს.
აღემატება თავად Nvidia-ს 2022 წლის საბაზრო ღირებულებას.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,065.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 39 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,185.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $870.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 39 ანალიტიკოსიდან 36-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.