გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 156%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინდელი ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Nvidia ავითარებს ახალ, მაღალი ხარისხის AI (ხელოვნური ინტელექტი) პროცესორს — თავისი მომავალი Blackwell ჩიპის ვერსიას — ჩინეთის ბაზრისთვის. ეს პროდუქტი აშშ-ის მიერ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებთან იქნება შესაბამისი.
გარდა ამისა, გუშინ ჩიპების მწარმოებლის აქციებზე დადებითად იმოქმედა ანალიტიკოსების პოზიტიურმა შეფასებებმაც.
Nvidia-ს სტრატეგია ჩინეთის ბაზრისთვის
გუშინ დილით Reuters-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმადაც, Nvidia ჩინეთის ბაზრისთვის თავისი მძლავრი გრაფიკული დამუშავების ერთეულის (GPU) ახალ ვარიანტს აპროექტებს. B20 ჩიპის და მასთან დაკავშირებული პროცესორის ტექნოლოგიის მიწოდება ჩინეთში, სავარაუდოდ, 2025 წლის მეორე კვარტალში დაიწყება.
ეჭვები Nvidia-ს შესაძლებლობებთან დაკავშირებით, გაყიდოს მოწინავე პროცესორები ჩინეთში, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ბოლო დროს კომპანიის აქციებზე ნეგატიურად ზემოქმედებს. Nvidia-ს ეს ნაბიჯი პოტენციურად ქმნის მოკლევადიანი შემოსავლის ნაკადს, ამასთან მიუთითებს იმაზე, რომ კომპანია არ ტოვებს ჩინეთს — მისი მოწყობილობებისა და სერვისების ერთ-ერთი უდიდეს ბაზარს.
ანალიტიკოსების პროგნოზები
გუშინ Piper Sandler-ის ანალიტიკოსმა — ჰარშ კუმარმა Nvidia-ს აქციების სამიზნე ფასი $120-დან $140-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის წამყვანმა ანალიტიკოსმა ზრდის კატალიზატორებად დაასახელა Nvidia-ს ბიზნესის ხელსაყრელი ტენდენციები და ოქტომბერში ახალი Blackwell პლატფორმის გამოშვება. მოსალოდნელია, რომ პირველი Blackwell პროცესორები გამორჩეული იქნება მნიშვნელოვნად უკეთესი წარმადობით Nvidia-ს ამჟამინდელ მაღალი დონის ჩიპებთან შედარებით, რომლებიც უკვე საუკეთესოა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს Nvidia-მ აქციონერთა ყოველწლიური კრება ჩაატარა, სადაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა: „Blackwell-ის არქიტექტურის პლატფორმა, სავარაუდოდ, ყველაზე წარმატებული პროდუქტი იქნება ჩვენს ისტორიაში“. ამასთან მან დასძინა, რომ ეს შეიძლება იყოს ყველაზე წარმატებული პროდუქტი ზოგადად კომპიუტერების ისტორიაშიც.
დავუბრუნდეთ ანალიტიკოსების შეფასებებს. Loop Capital-მა გუშინ Nvidia-ს აქციების ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $120-დან $175-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსი — ანანდა ბარუაჰი ფიქრობს, რომ კომპანიას შეუძლია, მონაცემთა ცენტრების სეგმენტის შემოსავლის თვალსაზრისით, უოლ სტრიტის მოლოდინებს ბევრად გადააჭარბოს. ანალიტიკოსის აზრით, შესაძლოა, 2025 წლისთვის Nvidia-ს მონაცემთა ცენტრების შემოსავალმა $215-$240 მილიარდს მიაღწიოს მაშინ, როცა უოლ სტრიტის საშუალო პროგნოზი $145 მილიარდს შეადგენს. ანანდა ასევე ფიქრობს, რომ გამოთვლითი სეგმენტის გაყიდვები შეიძლება $200-$225 მილიარდამდე გაიზარდოს, რაც ასევე უსწრებს ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $132 მილიარდს.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $124.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $140.70-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.