მედიკამენტების მწარმოებელი დანიური კომპანიის — Novo Nordisk-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წონაში კლების პოპულარულმა მედიკამენტმა — Wegovy-მ ჩინეთში გაყიდვისთვის ადგილობრივი მარეგულირებლისგან დასტური მოიპოვა.
Novo Nordisk-ის მენეჯმენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭარბწონიანობის Wegovy-ის საშუალებით მკურნალობა ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახლახან დაამტკიცა.
Novo Nordisk-ის Ozempic-მა და Wegovy-მ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. შედეგად, გაიზარდა დანიური ფირმის მოგება და აქციების ფასი — Novo Nordisk ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. მისმა ამერიკულმა კონკურენტმა — Eli Lilly-მ კი მსგავს ზრდას მიაღწია წონაში კლების მედიკამენტების — Mounjaro-სა და Zepbound-ის წყალობით.
Wegovy ჩინეთში Ozempic-ს ჭარბწონიანობისა და დიაბეტის სამკურნალოდ შეუერთდება
Novo Nordisk-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბრის მდგომარეობით კომპანიას დიაბეტის სამკურნალო GLP-1 ბაზრის 76.6% ეკავა ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და ტაივანის რეგიონში. დანიური კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 2023 წელს გაყიდვები, ვალუტის უცვლელი კურსის პირობებში, წლიურად 80%-ით — $890.7 მილიონამდე გაიზარდა.
Novo Nordisk-ის წარმომადგენლებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეღირება Wegovy ჩინეთში ან რა რაოდენობის მედიკამენტის გაყიდვა იგეგმება ქვეყანაში იმის ფონზე, რომ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში Ozempic-სა და Wegovy-ზე მოთხოვნა იზრდება.
მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Wegovy-ის დამტკიცება ჩინეთში სწორედ წელს იყო მოსალოდნელი. Reuters-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ Novo Nordisk-ის Wegovy-ის პატენტს ჩინეთში ვადა 2026 წელს ეწურება.
გეგმები აშშ-ში
გუშინ კი Novo Nordisk-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ $4 მილიარდზე მეტის დახარჯვას აშშ-ში წარმოების გაფართოებისთვის ჩრდილოეთ კაროლინაში ახალი ქარხნის აშენების საშუალებით. ეს წარმოადგენს უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილს, რომელიც წელს საწარმოო სიმძლავრის გასაზრდელად $6.8 მილიარდის დახარჯვას გულისხმობს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში კომპანიამ განახორციელა არაერთი შესყიდვა, რომლის მიზანიც ასევე წარმოების გაზრდა იყო.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Novo Nordisk-ის აქციებს?
Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $148.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $149.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $163.00-ს, ხოლო მინიმალური — $130.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Novo Nordisk-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.