გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, Nike-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. უოლ სტრიტის ერთ-ერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სპორტული ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასმა უკვე მიაღწია ფსკერს და ზრდა უნდა დაიწყოს.
უკეთესი დღეები გველის?
Nike-ის აქციონერებისთვის ბოლო რამდენიმე წელი რთული იყო — 2021 წლის შუა პერიოდიდან კომპანიის აქციებმა ღირებულების დაახლოებით ნახევარი დაკარგა. ამჟამად კი Nike მრავალი საცალო ინიციატივის გადახედვის პროცესშია, მათ შორის არის კომპანიის ფოკუსირება „direct-to-consumer“ (პირდაპირ მომხმარებელზე) საცალო ვაჭრობა და ბრენდინგისადმი მიდგომა.
Bank of America-ს ანალიტიკოსი — ლორეინ ჰაჩინსონი თვლის, რომ აქციის ფასი საბოლოოდ გადახრის წერტილშია. იგი თითქმის სამი წლის განმავლობაში Nike-ის აქციებს ნეიტრალურ რეიტინგს უნარჩუნებდა, თუმცა ახლა კომპანიას ყიდვის რეკომენდაცია მიანიჭა, ხოლო სამიზნე ფასი $110-დან $113-მდე გაზარდა.
ლორეინმა განაცხადა, რომ კომპანიის 2025 წლის მოგებისთვის უოლ სტრიტის საპროგნოზო მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში 35%-იან კლებას წარმოადგენს და ეს შედეგი საბოლოოდ მიღწევადი ჩანს, განსაკუთრებით მომავალი ხელშემწყობი ფაქტორების, მათ შორის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გათვალისწინებით.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მართლაც გადამწყვეტია Nike-ისთვის — კომპანია გეგმავს რამდენიმე ახალი პროდუქტის გამოშვებას და მარკეტინგულ კამპანიას ღონისძიების გარშემო.
„ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რამდენიმე ინოვაცია დავნერგეთ და ჩვენი მიზანია გავახაროთ მომხმარებლები, შევცვალოთ ინდუსტრია“ — განაცხადა Nike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ დონაჰომ, კვარტალური ანგარიშის წარდგენისას.
ფინანსური დირექტორის, მეთიუ ფრენდის, თქმით კი კომპანიაში სჯერათ, რომ „პარიზის ოლიმპიადა იქნება კატალიზატორი ჩვენი ბრენდებისთვის იმის ფონზე, რომ ვნერგავთ Nike Air-ის უახლეს ინოვაციებს სპორტსმენებისთვის“.
რას უნდა ველოდეთ მომავალში?
ბოლო კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებისას, Nike-ის მენეჯმენტმა აღიარა, რომ გარკვეული შეცდომები დაუშვა და ბიზნესის მდგომარეობის შემობრუნების გეგმები დააანონსა. ეს უკანასკნელი პროდუქტის ინოვაციებზე ფოკუსირებას და კომპანიის კატალოგში სტილების რაოდენობის შემცირებას მოიცავს. ამ რეორგანიზაციას დრო დასჭირდება და შეიძლება გარკვეული მოკლევადიანი სისუსტე გამოიწვიოს, მაგრამ, როგორც ჩანს, Nike სწორი მიმართულებით მიდის.
Nike შორს არის „Just Do It“ ეპოქიდან, როდესაც კომპანია შეცდომებს უბრალოდ არ უშვებდა, მაგრამ მას მაინც გააჩნია ფანტასტიკური ბრენდი და შთამბეჭდავი ბაზრის წილი სპორტული ტანსაცმლის სექტორში. ჰაჩინსონი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დაეცა მოლოდინები Nike-ის მიმართ და იგი გონივრულად გამოყოფს იმ ფაქტორებს, რომლებმაც, შესაძლოა მომავალში კომპანიის ზრდას ხელი შეუწყოს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $92.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $111.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $81.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 29 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.