გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Nike-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სპორტული ტანსაცმლის ამერიკული გიგანტის შემოსავალი უოლ სტრიტის მოლოდინს ჩამორჩა, ამასთან, დაფიქსირებულმა შედეგებმა მენეჯმენტს ფისკალური 2025 წლის პროგნოზების განახლებისკენ უბიძგა. საბოლოოდ, „after-hours”1 ვაჭრობაში Nike-ის აქციების ფასი 12%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი ასევე დაახლოებით 12%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Nike-ის შემოსავალი წლიურად 2%-ით — $12.6 მილიარდამდე შემცირდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.89 მილიარდს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ შემოსავალმა $12.83 მილიარდი შეადგინა.
სრული ფისკალური 2024 წლის გაყიდვებმა კი $51.36 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით უცვლელი დარჩა. ეს არის შემოსავლის წლიური ზრდის ყველაზე ნელი ტემპი, რომელიც კომპანიამ დააფიქსირა 2010 წლის შემდეგ, Covid-19 პანდემიის პერიოდის გამოკლებით.
ჩინეთში, ტრაფიკის შემცირების მიუხედავად, გაყიდვებმა $1.86 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.79 მილიარდს.
გაყიდვებმა ჩრდილოეთ ამერიკაში, Nike-ის უმსხვილეს ბაზარზე, $5.28 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.45 მილიარდი).
ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში Nike-მა $3.29 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზს — $3.32 მილიარდს.
აზიის წყნარ ოკეანეში და ლათინოამერიკაში კი Nike-ის გაყიდვებმა $1.71 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების მოლოდინი — $1.77 მილიარდი).
Nike-ის წმინდა მოგებამ $1.5 მილიარდს, ანუ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $0.99-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.84). გასული წლის იმავე პერიოდში წმინდა მოგებამ $1.03 მილიარდი, ანუ თითო აქციაზე $0.66 შეადგინა.
მაჩვენებელი | ფისკალური 2024 წლის IV კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | ფისკალური 2023 წლის IV კვ. |
შემოსავალი | $12.6 მილიარდი | $12.88 მილიარდი | $12.83 მილიარდი |
განზავებული EPS | $0.99 | $0.84 | $0.66 |
წმინდა მოგება | $1.5 მილიარდი | $1.27 მილიარდი | $1.03 მილიარდი |
მენეჯმენტის კომენტარები და მომავლის პროგნოზები
Nike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ დონაჰოიმ განაცხადა, რომ კომპანია უმკლავდება უახლოეს გამოწვევებს და განაგრძობს პროგრესირებას იმ სფეროებში, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია NIKE-ის მომავლისთვის: სპორტსმენებისთვის ინოვაციების შეთავაზება, მომხმარებლისთვის ფეხის აწყობა და მთლიანი ბაზრის წილის ზრდა.
აღმასრულებელმა დირექტორმა დასძინა: „თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდები აერთიანებენ Nike-ის კონკურენტულ უპირატესობებს, რათა ჩვენს ბიზნესზე მეტი პოზიტიური გავლენა იქონიონ“.
Nike-ის ფინანსური დირექტორმა — მეთიუ ფრენდმა კი განაცხადა: „მეოთხე კვარტლის შედეგებმა ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებმაც ფისკალური 2025 წლის პროგნოზების განახლებისკენ გვიბიძგა“.
მეთიუს თქმით, მენეჯმენტი მიმართავს ზომებს, რათა Nike გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და კომპანიამ შენარჩუნებად, გრძელვადიან ზრდას მიაღწიოს.
Nike-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ ფისკალურ 2025 წელს გაყიდვები საშუალო ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება (ანალიტიკოსების პროგნოზი — 0.9%-იანი ზრდა). Nike-ში ადრე გაყიდვების მატებას მოელოდნენ. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ გაყიდვები წლის პირველ ნახევარში მაღალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება. შედარებისთვის, წინა პროგნოზი დაბალი ერთნიშნა მაჩვენებლით კლება იყო.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Nike-ის აქციებს?
Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $94.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $110.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $75.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 24 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.