პარასკევს Nike-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლებას გეგმავს, რაც პოტენციურად მოთხოვნის მოსალოდნელ სისუსტეზე მიუთითებს. გასული წლის განმავლობაში სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებლის აქციების ფასმა 7%-ზე მეტით დაიკლო, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან — დაახლოებით 3%-ით.
შემცირებები
Nike-ის მენეჯმენტმა, ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისას, ინვესტორები გააფრთხილა, რომ სადღესასწაულო სეზონამდე მოთხოვნა უკვე ნელდებოდა. კომპანიის აქციების ფასი შემცირდა მაშინ, როდესაც Nike-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფისკალური 2024 წლის ბოლო ექვსი თვისთვის შემოსავლების უფრო დაბალ პერსპექტივას მოელოდნენ. გარდა ამისა, კომპანიამ დააფიქსირა გაყიდვების წლიური 1%-იანი კლება ფისკალურ მეორე კვარტალში, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს დასრულდა.
შესაძლოა, მას შემდეგ მოთხოვნის ტენდენციები კიდევ უფრო გაუარესდა. პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, გამოქვეყნდა Wall Street Journal-ის სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ Nike თავისი სამუშაო ძალის დაახლოებით 2%-ს, ანუ 1600 თანამშრომელს ათავისუფლებს. შესაძლოა, ასეთმა სიახლეებმა ხანდახან აქციების ფასზე პოზიტიურად იმოქმედოს, რადგან ნაკლები ხელფასები ხშირად უფრო მაღალ მომგებიანობას ნიშნავს. თუმცა ამ შემთხვევაში, სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლება ინვესტორებში იწვევს ეჭვებს მოთხოვნის გაუარესებასა და ფასწარმოქმნის გამოწვევებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, Nike-ის საცალოდ მოვაჭრე პარტნიორები, ანელებენ შეკვეთების ტემპს და მარაგების დაბალი დონის შენარჩუნებაზე ფოკუსირდებიან. გასული წლის უმეტესი პერიოდის განმავლობაში Nike წარმოების ტემპს ამცირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის.
მომავალი
უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ინვესტორებს, სავარაუდოდ, მოუწევთ ლოდინი Nike-ის ფისკალური მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებამდე, რომელსაც კომპანია მარტის ბოლოს წარადგენს. ამ ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი Nike-ის ხარჯების შემცირების სრული ძალისხმევა, კომპანიის მარაგების დონისა და ფასწარმოქმნის განახლებები.
ანალიტიკოსების შეფასებები
Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $103.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $123.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $142.00-ს, ხოლო მინიმალური — $91.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 29 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.