გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Netflix-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ვიდეო სტრიმინგის კომპანიის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 65%-ით გაუმჯობესდა.
ინვესტორების დადებითი რეაქციები გამოიწვია ძლიერმა კვარტალურმა შემოსავალმა და გამომწერების რაოდენობის ზრდამ. ამ მაჩვენებლებმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. დღევანდელ სტატიაში Netflix-ის მეოთხე კვარტლის ფინანსურ შედეგებს განვიხილავთ და ექვს ძირითად მაჩვენებელს გამოვყოფთ.
- შემოსავალი 12.5%-ით გაიზარდა
Netflix-ის კვარტალური შემოსავალი წლიურად 12.5%-ით — $8.83 მილიარდამდე გაიზარდა. ამ შედეგმა გადააჭარბა როგორც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $8.72 მილიარდს, ასევე მენეჯმენტის მოლოდინს.
შემოსავლების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო გამომწერების რაოდენობის ზრდით და თითო გამოწერიდან მიღებული საშუალო შემოსავლის 1%-იანი მატებით. Netflix-ის მენეჯმენტმა შემოსავლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიაწერა გამომწერებს შორის პაროლების გაზიარების პრობლემის გადასაჭრელად გადადგმულ ნაბიჯებს, ფასების ბოლო ცვლილებებს და ზოგადად ბიზნესის სიძლიერეს.
- გამომწერების რაოდენობამ 13.1 მილიონით მოიმატა
მეოთხე კვარტალში გადამხდელი გამომწერების რაოდენობის ზრდამ 13.1 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი 7.7 მილიონს გაუტოლდა, ხოლო წინა კვარტალში — 8.8 მილიონს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინი კი 8.7 მილიონი იყო. Netflix-მა კვარტალი გლობალურად 260.3 მილიონი გადამხდელი გამომწერით დაასრულა, რაც წლიურად 13%-იან ზრდას შეადგენს.
Netflix-ის გადამხდელი გამომწერების რაოდენობა ოთხივე რეგიონში გაიზარდა, მათ შორის აშშ/კანადაში, რაც უფრო რთულია ამ ბაზრებზე კომპანიის შეღწევადობის მაღალი მაჩვენებლის გამო. ამ რეგიონში კომპანიას 2.8 მილიონი ახალი გადამხდელი აბონენტი დაემატა და მთლიანობაში მათმა რაოდენობამ 80.1 მილიონს მიაღწია.
- საოპერაციო შემოსავალი 172%-ით გაიზარდა
მეოთხე კვარტალში საოპერაციო შემოსავალი წლიურად 172%-ით — $1.50 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ საოპერაციო მარჟამ (საოპერაციო შემოსავალი გაყოფილი შემოსავალზე) 7%-16.9%-ით მოიმატა. ეს შედეგი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე მენეჯმენტის მოლოდინი — 13%. Netflix-ის მენეჯმენტმა ასეთი მაჩვენებლები მიაწერა მოსალოდნელზე ძლიერ შემოსავალს და დაგეგმილზე დაბალ ხარჯებს.
- EPS 1,658%-ით გაიზარდა
გასული კვარტლის წმინდა მოგებამ $938 მილიონი, ანუ თითო აქციაზე $2.11 შეადგინა, რაც 1,658%-ით აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. თუმცა EPS ჩამორჩა როგორც ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.22-ს, ისე მენეჯმენტის მოლოდინს — $2.15-ს.
- ფულადი ნაკადები ოპერაციებიდან 275%-ით გაუმჯობესდა
მეოთხე კვარტალში ოპერაციებიდან გამომუშავებული ნაღდი ფული 275%-ით — $1.66 მილიარდამდე გაიზარდა, თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა კი $1.58 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $332 მილიონი შეადგინა. Netflix-მა კვარტალი დაასრულა $7.12 მილიარდის მოცულობის ნაღდი ფულით და $14.14 მილიარდის ოდენობის გრძელვადიანი ვალით.
- მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი წლიურად 13.2%-ით გაიზრდება
მიმდინარე წლის პირველი მეოთხედის პროგნოზი:
- შემოსავალი წლიურად 13.2%-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — 14%-იან მატებას.
- გადამხდელი გამომწერების რაოდენობა წლიურად 1.8 მილიონით გაუმჯობესდება.
- საოპერაციო მარჟა 26.2%-ს მიაღწევს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი 21%-ს შეადგენდა.
- EPS წლიურად 56%-ით — $4.49-მდე გაიზრდება. ეს პროგნოზი აჭარბებს უოლ სტრიტის მოლოდინს — $4.10-ს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $492.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $542.07-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $700.00-ს, ხოლო მინიმალური — $404.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Netflix-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.