გუშინ მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადადგება, როგორც კი შემცვლელს იპოვის, მაგრამ სოციალური მედიის პლატფორმის ზოგიერთი მთავარი განყოფილების მართვას კვლავ განაგრძობს.
„მე დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი ვიპოვი ვინმე საკმარისად სულელს, რომ ამ სამუშაოს დათანხმდეს! ამის შემდეგ უბრალოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვერების გუნდებს გავუძღვები“, — დაწერა მასკმა Twitter-ზე.
ოქტომბერში მასკის მიერ Twitter-ის $44 მილიარდად შეძენამ ქაოსი და დაპირისპირებები გამოიწვია. ზოგიერთი ინვესტორი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკითხს, შეძლებს თუ არა მილიარდერი საკმარისად კონცენტრირებას ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაზე — Tesla-ზე, რომლის წარმოებისა და საინჟინრო პროცესში ის პირადად არის ჩართული.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასკმა სოციალური მედიის პლატფორმის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, მას შემდეგ, რაც Twitter-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს მის გადადგომას გამოკითხვაში, რომელიც მილიარდერმა კვირა საღამოს დაიწყო.
გამოკითხვაში მონაწილეობა 17.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო — 57,5%-მა ხმა მასკის გადადგომის სასარგებლოდ მისცა. Twitter-ის აღმასრულებელმა კვირას განაცხადა, რომ ამ გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილებოდა. მას ჯერ არც შემცვლელი და არც გადადგომის თარიღი დაუსახელებია.
გამოკითხვის შედეგებმა დააგვირგვინა ქაოსური კვირა, რომელიც მოიცავდა ცვლილებებს Twitter-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ჟურნალისტების ანგარიშების დროებით შეჩერებას (და აღდგენას), რამაც საინფორმაციო ორგანიზაციებისა და მთელი ევროპის მასშტაბით ოფიციალური პირების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
მასკი პროგნოზირებდა, რომ Twitter-ის ფულადი ნაკადები წაუგებელ მდგომარეობას 2023 წელს მიაღწევდა, ამას კი მიაწერდა ხარჯების შემცირების მიზნით მის მიერ ახლახან გადადგმულ ნაბიჯებს.
უოლ სტრიტის მოწოდებები მასკის გადადგომის შესახებ კვირების განმავლობაში იზრდებოდა და ახლახან Tesla-ს პერსპექტივების მიმართ ოპტიმისტურად განწყობილმა ადამიანებმაც კი ხაზი გაუსვეს მასკის ფოკუსირების გაფანტვის პრობლემას და აღნიშნეს, რომ ამან შეიძლება ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია დააზარალოს.
მასკმა თავად აღნიშნა, რომ ზედმეტად ბევრი საქმე დაუგროვდა და Twitter-ისთვის ახალ აღმასრულებელ დირექტორს ეძებდა. თუმცა, მან კვირას თქვა, რომ მემკვიდრე არ არსებობს და „არავინ არის ისეთი ვისაც ეს სამსახური სურს და ვინც Twitter-ს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს“.