გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Monday.com-მა (MNDY) მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა — პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ პირველად მიაღწია მომგებიანობას. სავაჭრო დღის განმავლობაში კი მისი აქციების ფასი თითქმის 15%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 46%-ით არის გაუმჯობესებული.
Monday-ის ბიზნესის მიმოხილვა
Monday.com ცნობილია ქლაუდ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვიზუალური მუშაობის ოპერაციული სისტემით, სახელწოდებით Work OS. პლატფორმა უზრუნველყოფს მოდულურ სამშენებლო ბლოკებს, რომლებსაც ორგანიზაციები იყენებენ პერსონალური პროგრამული აპლიკაციებისა და მართვის ინსტრუმენტების შესაქმნელად. სისტემა საკმარისად მრავალმხრივია სხვადასხვა ფუნქციებისთვის, დაწყებული მარკეტინგით, დასრულებული პროექტების მენეჯმენტით.
ბოლო დროს Monday-მ დიდი ყურადღება გაამახვილა ინოვაციებსა და გაფართოებაზე. კომპანიის ძირითადი სტრატეგია მოიცავს Work OS-ის პლატფორმის უწყვეტ გაუმჯობესებას, რათა მომხმარებლების საჭიროებები უკეთ დააკმაყოფილოს. ძლიერი კვარტალური წარმადობით, კომპანია ასევე აფართოებს ბაზარზე წვდომას და პროდუქტების შეთავაზებებს, რაც დადებით გრძელვადიან ტრაექტორიაზე მიუთითებს.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Monday-ის შემოსავალი წლიურად 34%-ით — $236.1 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა როგორც მენეჯმენტის მოლოდინს — $226-$230 მილიონს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს — $229.04 მილიონს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.94-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.56-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $0.27 შეადგინა (პროგნოზი — $0.24)
კორექტირებულმა საოპერაციო შემოსავალმა 131%-ით მოიმატა და $38.4 მილიონს მიაღწია, ხოლო GAAP საოპერაციო შემოსავალმა $1.8 მილიონი შეადგინა (გასული წლის იმავე კვარტალში — -$12.2 მილიონი).
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | მენეჯმენტის პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $236.1 მილიონი | $226-$230 მილიონი | $175.7 მილიონი | 34% |
GAAP საოპერაციო შემოსავალი | $1.8 მილიონი | — | ($12.2 მილიონი) | — |
კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი | $38.4 მილიონი | $17-$21 მილიონი | $16.6 მილიონი | 131% |
თავისუფალი ფულადი ნაკადები | $50.8 მილიონი | $47-$51 მილიონი | $45.9 მილიონი | 11% |
მეორე კვარტალში Monday-ის თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) 11%-ით — $50.8 მილიონამდე გაიზარდა. კომპანიის წმინდა შემოსავლის შენარჩუნების (NRR)1 კოეფიციენტი, რომელიც გადამწყვეტია მომხმარებელთა რაოდენობის ზრდისა და კმაყოფილების შესაფასებლად, 110% შეადგინა.
2024 წლის მეორე კვარტალში საოპერაციო ხარჯებმა $210.5 მილიონს მიაღწია, რაც აღემატება გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ $168.3 მილიონს. თუმცა ეს ხარჯები კომპენსირდება უფრო მაღალი შემოსავლით და გაუმჯობესებული ეფექტიანობით, რამაც გამოიწვია შესამჩნევი მომგებიანობა.
ფასიანი კლიენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც 10-ზე მეტ ანგარიშს იყენებენ 15%-ით — 57,203-მდე გაუმჯობესდა. ხოლო იმ კლიენტების რიცხვი, რომლებსაც კომპანიისთვის $50,000-ზე და $100,000-ზე მეტი წლიური განმეორებადი შემოსავალი (ARR) მოაქვს, შესაბამისად, 43%-ით და 49%-ით გაუმჯობესდა.
გარდა ამისა, 2024 წლის 30 ივნისისთვის Monday.com-ის ნაღდი ფულისა და ფულადი ეკვივალენტების მოცულობა $1.29 მილიარდამდე გაიზარდა. შედარებისთვის, 2023 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი $1.12 მილიარდს შეადგენდა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Monday.com-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 28%-31%-ით გაიზრდება და $243-$247 მილიონს მიაღწევს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი $19-$23 მილიონს შეადგენს, ხოლო FCF მარჟა — 29%-30%-ს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მთელი წლის შემოსავალი 31%-32%-ით — $956-$961 მილიონამდე გაიზრდება. მენეჯმენტი ასევე მოელის, რომ კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი $100-$105 მილიონს მიაღწევს, ხოლო თავისუფალი ფულადი ნაკადები — $270-$275 მილიონს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Monday-ის აქციებს?
Monday.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $259.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $262.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $230.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Monday.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] NRR არის მეტრიკა, რომელიც ზომავს კომპანიის უნარს, შეინარჩუნოს შემოსავალი არსებული მომხმარებლებისგან გარკვეული დროის განმავლობაში. კარგი NRR, როგორც წესი, 100%-ს აღემატება, რადგან ეს ნიშნავს, რომ კომპანიის არსებული მომხმარებლები ხარჯავენ მეტს მის სერვისებზე, ვიდრე ფირმა კარგავს კლიენტების რაოდენობის შემცირების შედეგად.