გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Moderna-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ით შემცირდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში Moderna-ს შემოსავალმა $2.8 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდებოდა 2022 წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგს — $5.1 მილიარდს, თუმცა აღემატებოდა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.3 მილიარდს.
Moderna-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლე იყო მოულოდნელი მოგების — $217 მილიონის დაფიქსირება. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების მიხედვით (GAAP) გამოთვლილმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.53-ს მიაღწია. ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც თითო აქციაზე $0.90-ის ოდენობით ზარალს გულისხმობდა.
როგორ გადააჭარბა Moderna-მ მოლოდინებს?
Moderna-ს შემოსავალმა უოლ სტრიტის მოლოდინებს პირველ რიგში კომპანიის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის — Spikevax-ის საერთაშორისო გაყიდვების წყალობით გადააჭარბა. მთლიანი გაყიდვების 71%-ზე მეტი აშშ-ის ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა.
თუმცა მეოთხე კვარტალში Moderna-ს ხელი კიდევ ერთმა ფაქტორმა შეუწყო. Spikevax-ის საერთაშორისო გაყიდვებში დაფიქსირებული $2 მილიარდიდან დაახლოებით $600 მილიონი განპირობებული იყო კომპანიის მიერ გადავადებული შემოსავლის აღიარებით, რომელიც Gavi, the Vaccine Alliance-თან იყო დაკავშირებული.
ეს უფრო მაღალი შემოსავალი გახდა მთავარი ფაქტორი, რომელმაც Moderna-ს მოულოდნელი მოგება მოუტანა. თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. გარდა ამისა, Moderna-ს საბოლოო შედეგი $147 მილიონით გაზარდა საშემოსავლო გადასახადების შეღავათმა.
მომავალი
Moderna-ს მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ბიოტექნოლოგიური კომპანია აშშ-ის მარეგულირებლისგან მალე მოიპოვებს დასტურს მისი რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინაზე. მმართველი გუნდი ასევე ოპტიმისტურად არის განწყობილი წელს სეზონური გრიპის ვაქცინის — mRNA-1010-ის წელს დამტკიცების თაობაზე.
ანალიტიკოსების შეფასებები
Moderna-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $99.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $131.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $55.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Moderna-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Moderna-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.