გუშინ Moderna-ს აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა, რადგან ბიოტექნოლოგიურმა ფირმამ თავისი ღონისძიება — „ვაქცინების დღე“ ახალი დაფინანსებისა და რამდენიმე ვაქცინის ცდის შედეგების შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენა.
მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ახლახან გააფორმა განვითარებისა და კომერციალიზაციის დაფინანსების ხელშეკრულება Blackstone Life Sciences-თან. შეთანხმების მიხედვით კი Blackstone გამოყოფს $750 მილიონს, რათა გრიპის ვაქცინის შესაქმნელად Moderna-ს პროგრამა განავითაროს.
ნიკოლას გალაკატოსმა, Blackstone Life Sciences-ის გლობალურმა ხელმძღვანელმა, განაცხადა: „ეს თანამშრომლობა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის კიდევ ერთი მაგალითია. ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების კომპანიებთან, რათა მათ პაციენტებისთვის ვაქცინების, მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ“.
Moderna ასევე იტყობინება, რომ კომპანიას აქვს დადებითი კლინიკური მონაცემები სამი ახალი ვაქცინისგან, რომლებიც ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV), ვარიცელა-ზოსტერის ვირუსისა და ნოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არის შექმნილი. სამშაბათს Moderna-ს მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი უახლესი COVID-19 ვაქცინის მე-3 ფაზის კვლევამ ასევე დააკმაყოფილა ძირითადი მოთხოვნები და, Spikevax-თან შედარებით, დააფიქსირა უკეთესი იმუნური რეაქციები როგორც ვირუსის თავდაპირველი, ასევე Omicron ვარიანტის წინააღმდეგ.
აღმასრულებელმა დირექტორმა — სტეფან ბანსელმა თქვა, რომ Moderna-ს ახლა აქვს ხუთი ვაქცინა, რომელიც კვლევის მე-3 ფაზაშია, ხოლო კიდევ 3 ვაქცინა ამ ეტაპისკენ მიემართება. სტეფანის თქმით „ეს კომპანიას უზრუნველყოფს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი პორტფელით, რომელიც მნიშვნელოვან სამედიცინო საჭიროებებს აკმაყოფილებს“.
ანალიტიკოსების შეფასებები
Moderna-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $111.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $129.27-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $61.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Moderna-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Moderna-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.