Rubrik არის კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელსაც მხარს უჭერს ტექნოლოგიური გიგანტი — Microsoft. მისმა წარმომადგენლებმა შეიტანეს განაცხადი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO). მოსალოდნელია, რომ საფონდო ბირჟაზე Rubrik-ის აქციების აბრევიატურა იქნება „RBRK”.
ბოლო ორი ტექნოლოგიური კომპანია, რომლის IPO-ც აშშ-ის საფონდო ბირჟაზე შედგა, იყო Reddit და Astera Labs.
Rubrik-ის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა რაოდენობის აქციებს გაყიდის კომპანია ან რა იქნება მათი ფასი. თუმცა Bloomberg-ის ინფორმაციით, შესაძლოა, Rubrik-ის მენეჯმენტმა მიზნად დაისახოს $500-$700 მილიონის მოზიდვა.
შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე
Rubrik უზრუნველყოფს მონაცემების დაცვას საწარმოს მომხმარებლებისთვის ქლაუდ და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) აპლიკაციებში, რომლებიც აღჭურვილია მანქანის სწავლების (ML) შესაძლებლობებით. Rubrik-ის მენეჯმენტის თქმით, SaaS არქიტექტურა კომპანიას საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი და ML პირდაპირ ბიზნეს მონაცემებზე, რათა დაადგინოს გადაუდებელი საფრთხეები და უზრუნველყოს კიბერ აღდგენა.
Rubrik-ის წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კიბერუსაფრთხოების რისკები ბიზნესებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს, რაც კომპანიის სერვისებზე მოთხოვნას გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ Rubrik-ის მომხმარებლების რიგებში AI სექტორის ცნობილი ლიდერები არიან: Microsoft, Oracle და Amazon-ის AWS.
ფინანსური შედეგები
ფისკალურ 2024 წელს Rubrik-ის წმინდა ზარალმა $354.2 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, ფისკალური 2023 წლის იმავე კვარტალში, ამ მაჩვენებელმა $277.7 მილიონი შეადგინა. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ეს გამოწვეული იყო კომპანიის ინვესტიციებით მზარდ ბიზნესში და, ბაზრის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად, გადაწყვეტების დახვეწაში.
ფისკალურ 2024 წელს Rubrik-ის მთლიანმა შემოსავალმა $627.9 მილიონს მიაღწია (ფისკალურ 2023 წელს — $599.8 მილიონი). მენეჯმენტის თქმით, კომპანიამ განიცადა სწრაფი ზრდა, რადგან ფირმები ფოკუსირებულნი იყვნენ Rubrik-ის გადაწყვეტებზე კიბერთავდასხმების, ზიანის მომტანი ინსაიდერების და ოპერაციული შეფერხებების ფონზე.
Rubrik-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2024 წელს წლიური განმეორებითი შემოსავალი გამოწერებიდან 47%-ით — $784 მილიონამდე გაიზარდა. 2023 წელს ამ მაჩვენებელმა $532.9 მილიონი შეადგინა.
მიმდინარე პარტნიორობა Microsoft-თან
Rubrik-მა გაავრცელა ინფორმაცია Microsoft-თან პარტნიორობის შესახებ. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიურ გიგანტთან ჩამოყალიბდა უფრო ღრმა სტრატეგიული ურთიერთობები, რომლებიც Rubrik-ის საჯარო კომპანიად გარდაქმნასთან ერთად, საერთო პროექტებსაც მოიცავს.
პარტნიორობის მეშვეობით, Rubrik და Microsoft გვთავაზობენ Zero Trust Data Security ინტეგრირებულ პროდუქტებს, რომლებიც Azure-ს ეფუძნება. 2023 წელს Microsoft-ის მენეჯმენტმა Rubrik „წლის პარტნიორად“ დაასახელა.
Rubrik-ის მენეჯმენტმა 2021 წელს დააანონსა „სტრატეგიული შეთანხმება“ Microsoft-თან, რომელიც მოიცავდა კაპიტალურ ინვესტიციას გაურკვეველი მოცულობით. Microsoft, ChatGPT-ის მწარმოებელ OpenAI-სთან თანამშრომლობის წყალობით, AI სივრცეში ერთ-ერთი ლიდერია. მასთან Rubrik-ის დაკავშირებამ კი შეიძლება გააძლიეროს ამ უკანასკნელის პოზიცია ხელოვნური ინტელექტის სექტორში.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.