Microsoft გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით განვითარებას განაგრძობს — ხუთშაბათს კომპანიამ ბიზნესზე ორიენტირებული პირველი AI Surface პერსონალური კომპიუტერები გამოუშვა. დღეს განვიხილავთ ახალ ფუნქციებს, რომლებსაც Surface Pro 10 for Business-სა და Surface Laptop 6 for Business-ში აღმოაჩენთ.
Intel-ის პროცესორები უფრო სწრაფი გამოცდილებისთვის
ახალი Surface კომპიუტერები აღჭურვილია Intel Core ულტრა პროცესორებით, რომლებიც ბიზნეს აპლიკაციებისთვის მძლავრი და საიმედო წარმადობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის Surface Laptop 6 ორჯერ უფრო სწრაფია ვიდრე Laptop 5, ხოლო Surface Pro 10-ის სისწრაფე დაახლოებით 53%-ით აღემატება Pro 9-ს. გაუმჯობესებული სიჩქარე და ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ AI ინსტრუმენტებით, როგორიცაა Windows Studio Effects. ამასთან, ის ბიზნეს მომხმარებლებს და დეველოპერებს უზრუნველყოფს შესაძლებლობით, შექმნან საკუთარი AI აპლიკაციები და გამოცდილება.
Copilot-ის მალსახმობი ღილაკი
Microsoft-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Surface Pro 10 for Business კომპანიის დღემდე არსებულ მოდელებს შორის ყველაზე ძლიერია და მოიცავს Copilot-ის ახალ მალსახმობ (shortcut) ღილაკს. Windows-ის კლავიატურაზე ამ ახალი ღილაკის დამატება მომხმარებლებს კომპანიის მოწინავე Copilot AI ინსტრუმენტზე წვდომით უზრუნველყოფს. კლავიატურის სხვა გაუმჯობესება მოიცავს უფრო შესამჩნევ კლავიშებს, შრიფტის უფრო დიდ ზომას და განათებას. ამასთან, კომპანიაში განაცხადეს, რომ ეკრანი 33%-ით უფრო კაშკაშაა. Microsoft 365-ის აპლიკაციები, როგორებიც არის OneNote და Copilot, ასევე შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას Surface Slim Pen-ით გაკეთებული ხელნაწერი შენიშვნების გასაანალიზებლად.
გაუმჯობესებული ვიდეო ზარი და აქსესუარები
Surface Pro 10-ს შემთხვევაში, Microsoft-მა დიდი ყურადღება გაამახვილა ვიდეო ზარის გაუმჯობესებულ გამოცდილებაზე. ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენლების თქმით, ახალი Ultrawide Studio Camera არის მისი საუკეთესო წინა კამერა, რომელსაც აქვს 114° ხედვის ველი, იღებს ვიდეოს 1440 პიქსელში და იყენებს AI-ზე მომუშავე Windows Studio Effects-ს პრეზენტაციის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
გაუმჯობესებული უსაფრთხოება
დაბოლოს, ახალ Surface PC-ებს ბიზნეს მომხმარებლებისთვის დაამატეს უსაფრთხოების ფუნქციები, რომლებიც მოიცავს სმარტ ბარათების წამკითხველის ტექნოლოგიას. Surface მომხმარებლებს შეუძლიათ, ავთენტიფიკაციისთვის კომპიუტერზე წვდომა მოიპოვონ “chip-to-cloud” ID ბარათის დაცვით. ამასთან, Surface 10-ის მომხმარებლებს შეუძლიათ წვდომა მიიღონ ახლო ველის კომუნიკაციის (NFC) წამკითხველის ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, პაროლის გარეშე ავთენტიფიკაციას NFC უსაფრთხოების გასაღებებით.
Microsoft 20 მაისს უმასპინძლებს სპეციალურ Windows and Surface AI ღონისძიებას, სადაც აღმასრულებელი დირექტორი — სატია ნადელა წარმოადგენს კომპანიის „AI ხედვას“ პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში Microsoft-ის მენეჯმენტმა AI განყოფილების ხელმძღვანელი დაასახელა.
ანალიტიკოსების შეფასებები
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $416.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $470.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $440.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.