გუშინ Micron Technology-ის აქციების ფასმა 5%-ზე მეტით მოიმატა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მიზეზი იყო ის, რომ Bank of America-ს ანალიტიკოსებმა კომპანიის აქციების სამიზნე ფასი გაზარდეს. ამასთან, მათი განცხადებით, Micron შესანიშნავად არის პოზიციონირებული ბაზარზე, რათა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმისგან სარგებელი მიიღოს.
წლის დასაწყისიდან Micron-ის აქციების ფასი დაახლოებით 51%-ით არის გაუმჯობესებული.
Bank of America-ს წარმომადგენლებმა Micron-ს, Marvell Technology-ისა და Advanced Micro Devices-ს „junior samurAI“ უწოდეს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს კომპანიები, Nvidia-სთან და Broadcom-თან ერთად, ისარგებლებენ ხელოვნური ინტელექტის მიმართ გაზრდილი ინტერესით. Bank of America-ში ასევე მიიჩნევენ, რომ Nvidia და Broadcom ამ სეგმენტში საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობებს წარმოადგენს.
ანალიტიკოსები ამბობენ: „იმის ფონზე, რომ ბაზრის ლიდერები მთლიან ხელმისაწვდომ ბაზარს აფართოებენ, შესაძლოა, „junior samurAI“ კომპანიებმა მომგებიანი ნიშის გამოკვეთა განაგრძონ“.
ვინაიდან AI ტექნოლოგია საჭიროებს მაღალი გამტარუნარიანობის მქონე მეხსიერებას (HBM), Bank of America-ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Micron-ს გააჩნია პოტენციალი, ამ მიმართულებით ბაზრის წილი გააფართოოს.
Bank of America-მ Micron-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $120-დან $144-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის სივრცეში Nvidia ადრეულ ლიდერად ჩამოყალიბდა და მისი AI ეკოსისტემის კომპანიებმა, ამ ტექნოლოგიაზე არსებული მაღალი მოთხოვნის ფონზე, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში
Micron-მა გასულ თვეში გამოაქვეყნა კვარტალური შედეგები, რომლებმაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. ფისკალურ მეორე კვარტალში Micron Technology-ის შემოსავალმა $5.82 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი აღემატება როგორც გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგს — $3.69 მილიარდს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.34 მილიარდს.
კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.42 შეადგინა (პროგნოზი — -$0.26). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში Micron-მა თითო აქციაზე $1.91-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.
რაც შეეხება მომავალს, Micron-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $6.6 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.45-ს. ორივე მაჩვენებელი ბევრად აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $5.98 მილიარდს და $0.08-ს შეადგენს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $124.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.96-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Micron Technology-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.