2023 წლის დასაწყისიდან Meta Platforms-ის აქციები ფასი 300%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული, რადგან სარეკლამო შემოსავალმა კვლავ ზრდა დაიწყო. ამასთან, კომპანიამ შეამცირა ხარჯები „ეფექტიანობის წლის“ შემდეგ და ინვესტორების ნდობა დაიბრუნა.
რეკლამის განმთავსებლები აცხადებენ, რომ Meta Platforms-ის სარეკლამო პლატფორმა დასუსტებულია, რეკლამის განაკვეთები კი არარეალური და არამდგრადია. ზოგიერთმა მცირე და საშუალო ბიზნესმა, რომლებიც Meta-ს სარეკლამო კლიენტებს შეადგენენ, შეამცირეს ან მთლიანად შეწყვიტეს რეკლამების განთავსება Facebook-სა და Instagram-ზე ან გადაიტანეს ბიუჯეტები სხვა პლატფორმებზე, როგორიცაა Alphabet-ის Google და ByteDance-ის TikTok.
როგორ მოვიდა Meta აქამდე?
შარშან Meta-მ სამუშაო ძალა 20,000-ზე მეტი თანამშრომლით შეამცირა მომგებიანობის გაზრდის, მენეჯმენტის სტრუქტურის გათანასწორებისა და ბიზნესის გამარტივების მიზნით. აღმასრულებელი დირექტორი — მარკ ცუკერბერგი კმაყოფილია შედეგებით და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოგება გაიზარდა. ბოლო კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეფექტიანობის წლის“ შემდეგ, Meta-ს უფრო სწრაფად და უკეთ ფუნქციონირება შეუძლია.
ეს შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ ზემოთ მოყვანილი პროტესტიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სოციალური მედიის გიგანტს ზედმეტი მოუვიდა. გასული წლის აპრილში Meta-მ ინჟინრები და მასთან დაკავშირებული ტექნიკური გუნდები დაითხოვა. ერთ-ერთმა რეკლამის განმთავსებელმა კი განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს მოვლენები პირდაპირ არის დაკავშირებული სარეკლამო პლატფორმის პრობლემებთან.
ამავდროულად, რეკლამის განმთავსებლები სხვა პლატფორმებზე ფოკუსირდებიან. თუმცა ეს არ არის ტოტალური შტურმი, თუნდაც მათგან, ვინც განაწყენებულია. ერთ-ერთმა რეკლამის განმთავსებელმა — კოდი ფლოკერმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ Meta-სთან დაკავშირებით ძალიან ბევრი არასტაბილურობა არსებობს, მაგრამ ასევე არის ბევრი დადებითი მხარეც.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს Meta-ს აქციებისთვის?
Meta Platforms-ს თავის სარეკლამო პლატფორმაზე საინჟინრო პრობლემების გამოსწორება მოუწევს. კომპანიას ამისთვის ფულის დახარჯვა დასჭირდება, მაგრამ ეს უფრო იაფი გამოსავალია, ვიდრე რეკლამის განმთავსებლების დაკარგვა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, იმოქმედა თუ არა ამ გამოწვევებმა კომპანიის პირველი კვარტლის შედეგებზე. ყველაფერი, სავარაუდოდ, 24 აპრილს გაირკვევა, როდესაც Meta კვარტალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $500.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $533.24-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.