გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. როგორც ჩანს, სოციალური მედიის გიგანტზე ორმა მნიშვნელოვანმა სიახლემ იმოქმედა: პირველი არის ახალი კანონმდებლობა კომპანიის კონკურენტის — TikTok-ის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ის, რომ Meta-მ გამოუშვა თავისი დიდი ენობრივი მოდელის (LLM) — Llama-ს უახლესი ვერსია და კომპანიის AI ასისტენტიც განაახლა.
მიმდინარე წლის განმავლობაში Meta Platforms-ის აქციების ფასი დაახლოებით 45%-ით არის გაუმჯობესებული.
აშშ-ში TikTok-ს პრობლემები აქვს
უკვე რამდენიმე თვეა, სოციალური მედიის აქციებზე, როგორიცაა Meta, ზემოქმედებს სიახლეები TikTok-ის, ჩინეთში დაფუძნებული პოპულარული სოციალური მედიის აპლიკაციის აშშ-ში შესაძლო აკრძალვის ან იძულებითი გაყიდვის შესახებ. თუმცა ეს კანონმდებლობა ახლა უფრო რეალურად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე.
აშშ-ის რესპუბლიკური პალატის ლიდერებმა ოთხშაბათს მეოთხე და საბოლოო კანონპროექტის — „21st Century Peace Through Strength Act“ — საკანონმდებლო ტექსტი გამოაქვეყნეს. კანონპროექტი მოიცავს TikTok-ის აკრძალვის შეცვლილ ვერსიას, რომელიც პალატამ ამ წლის დასაწყისში მიიღო, ასევე უკრაინელებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობისა და შესაძლებლობების აღდგენის აქტს, სავალდებულო სანქციებს ირანზე და ა. შ.
ახალი კანონპროექტი, ამოქმედების დღიდან, TikTok-ის მშობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს აძლევს 270 დღეს, რათა გაყიდოს აპლიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აშშ-ში აიკრძალება. ამასთან პრეზიდენტს უფლება ექნება, კომპანიას შესთავაზოს პროცესის ერთჯერადი 90-დღიანი გახანგრძლივება, რაც მთლიანობაში დაახლოებით 1-წლიან ვადას გულისხმობს.
წინა კანონპროექტი, რომელიც პალატამ მარტში მიიღო, ByteDance-ს 180-დღიან ვადას აძლევდა. სენატის კომერციის თავმჯდომარემ — მარია კანტველმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს და განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ სპიკერმა — მაიკ ჯონსონმა და პალატის ლიდერებმა გაითვალისწინეს ჩემი რეკომენდაცია ვადის ერთ წლამდე გახანგრძლივების შესახებ. ვფიქრობ, ეს აუცილებელია, რათა ახალ მყიდველს საკმარისი დრო ჰქონდეს გარიგების დასასრულებლად. მე მხარს ვუჭერ ამ განახლებულ კანონმდებლობას“.
აშშ-ის ამ მოქმედებების მიზეზი შემდეგია: ამერიკელი კანონმდებლები შიშობენ, რომ ByteDance შეიძლება ფარულად კონტროლდებოდეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ.
თავის მხრივ, კომპანიამ უარყო ბრალდებები, რომ ის სენსიტიურ მგრძნობიარე მონაცემებს ჩინეთის მთავრობას უზიარებს. „ByteDance არ არის ჩინეთის მთავრობის საკუთრება და არ ექვემდებარება მის კონტროლს. ეს არის კერძო კომპანია“ — განაცხადა TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შოუ ჩუმ, მარტში კონგრესისთვის მიცემულ ჩვენებაში.
Llama 3
გარდა ამისა, Meta-მ ასევე წარადგინა რამდენიმე ახალი AI (ხელოვნური ინტელექტი) პროდუქტი, რაც აჩვენებს, რომ კომპანია ამ სივრცეში კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. კომპანიამ გამოუშვა Llama 3, თავისი უახლესი LLM და გამოსახულების გენერატორი, რომელიც აახლებს სურათებს რეალურ დროში. ეს ინსტრუმენტები შედის Meta AI-ში, მის უფასო AI ასისტენტში, რომელიც ხელმისაწვდომია Facebook-ზე, Instagram-ზე, WhatsApp-სა და Messenger-ში.
რას უნდა ველოდეთ მომავალში?
TikTok-ის შემთხვევა კომპლექსურია და ამ საკითხმა შეიძლება წლები გაატაროს სასამართლოში, მაშინაც კი, თუ აკრძალვა მიღებული იქნება. თუმცა Meta-ს ნამდვილად შეუძლია გარკვეული სარგებელი მიიღოს ამ კანონმდებლობისგან, რადგან ახლა TikTok, სავარაუდოდ, მისი უახლოესი კონკურენტია. Meta-მ დიდი ინვესტიცია ჩადო Reels-ში, TikTok-ის კონკურენტ პროდუქტში, რათა გაზარდოს ჩართულობა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook და Instagram.
გარდა ამისა, კომპანიის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ნებისმიერი გაუმჯობესება, სავარაუდოდ, ინვესტორების დადებით რეაქციას გამოიწვევს. მართალია, Meta-ს არ გააჩნია პირდაპირი გზა თავისი გენერაციული AI ძალისხმევის მონეტიზაციისთვის, მაგრამ თუ კომპანია ამით მომხმარებლებს პლატფორმაზე მეტი დროის გატარებისკენ უბიძგებს, Meta-ს კონკურენტული უპირატესობა გაძლიერდება და სარეკლამო შემოსავალიც გაიზრდება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta Platforms-ის აქციებს?
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $502.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $547.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $610.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.