მარკ ცუკერბერგს სჯერა, რომ ბავშვები როგორც მსოფლიოს, ასევე მეტავერსის მომავალიცაა. The Wall Street Journal-ის (WSJ) მიერ მოპოვებული ჩანაწერი გვიჩვენებს, რომ Meta Platforms-ის მენეჯმენტი გეგმავს, თავისი მეტავერსული აპლიკაციის — Horizon Worlds-ის ასაკობრივი კარიბჭე უფრო ფართოდ გახსნას და სერვისის გამოყენება 13 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის გახადოს ნებადართული. აქამდე აპლიკაცია მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
ჰორიზონტის გაფართოება
Horizon Meta-ს პირველი მცდელობაა, შექმნას VR (ვირტუალური რეალობა) სოციალური ქსელი. მომხმარებლები ერთმანეთთან ავატარების საშუალებით ურთიერთობენ და უფლება აქვთ, საკუთარი გარემო ან „სამყარო“ შექმნან. მას ძალიან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა როგორც კრიტიკოსებისგან, ასევე Meta-ს თანამშრომლებისგან.
Horizon-ს ასევე გაუჭირდა თავისი მომხმარებლების შენარჩუნება და The Wall Street Journal-ის წყაროების თანახმად, იანვარში მომხმარებლების თვიურმა შენარჩუნების დონემ 11% შეადგინა და WSJ-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერის მიხედვით, Meta Platforms-ის მენეჯმენტს ამ მაჩვენებლის 20%-მდე გაზრდა სურს. და ეს ყველაფერი არ არის:
- მენეჯმენტს სურს, რომ წლის პირველი ნახევრისთვის Horizon-ის აქტიურ მომხმარებელთა ბაზა 500,000-მდე, ხოლო წლის ბოლომდე 1 მილიონამდე გაზარდოს. WSJ-ის წყაროების თანახმად, ამჟამად Horizon-ს 200,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
- ყველა ასაკის მეტი მომხმარებლის მოზიდვისთვის საკვანძო ფაქტორი Horizon-ში თამაშებისა და გამოცდილების შემუშავება იქნება, რათა სერვისმა მომხმარებლების გართობა განაგრძოს. ამისათვის Meta მეორე მხარის სტუდიებს ეყრდნობა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან კომპანიამ ახლახან გაათავისუფლა თავისი სამუშაო ძალის ნაწილი.
კიდევ ერთი ტაქტიკა, რომელსაც კომპანია თავის მეტავერსში მეტის ადამიანის მოსაზიდად იყენებს, მისი ნაკლებად მეტავერსულად ქცევაა. WSJ-ის მიერ მოპოვებულ ჩანაწერში ნათქვამია, რომ Meta-ს მენეჯმენტს სურს, ტელეფონებისა და კომპიუტერებისთვის მეტავერსის 2D ვერსია შექმნას.
შეგახსენებთ, რომ Meta Platforms-მა გასულ ოთხშაბათს კვარტალური ანგარიში წარადგინა. შემოსავალმა $32.17 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $31.53), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $1.76 (პროგნოზი — $2.26). ეს განპირობებული იყო $4.2 მილიარდის ოდენობით რესტრუქტურიზაციის ხარჯებით, რომლებიც პერსონალის გათავისუფლებასთან, ასევე ოფისებისა და მონაცემთა ცენტრების დახურვასთან არის დაკავშირებული. მათი გათვალისწინებით კორექტირებული EPS $3-ს აღწევს, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს ბევრად აჭარბებს. მენეჯმენტმა ასევე შეამცირა ხარჯების პროგნოზები 2023 წლისთვის და თქვა, რომ მიმდინარე წელს მთლიანი ხარჯები $89-$95 მილიარდს შეადგენს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით $5-$6 მილიარდით ნაკლებია. ამასთან, Meta-მ კაპიტალური ხარჯების პროგნოზებიც შეამცირე $4 მილიარდით, ახალი პროგნოზი $30-$33 მილიარდს უტოლდება.
რაც შეეხება მიმდინარე კვარტალს, მენეჯმენტი მოელის, რომ შემოსავალი $26-$28.5 მილიარდს შეადგენს, რაც წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ანალიტიკოსების პროგნოზი კი $27.14 მილიარდია. Meta Platforms-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ცუკერბერგმა 2023 წელს „ეფექტურობის წელი“ უწოდა და განაცხადა, რომ კომპანია ორიენტირებული იყო, გამხდარიყო უფრო მოხერხებული ორგანიზაცია.