უორენ ბაფეტის გულშემატკივრებმა იციან, რომ მისი წარმატების ფორმულა გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას ეყრდნობა. თუმცა ინვესტირების განმარტება მხოლოდ ფულის დაბანდების მნიშვნელობით არ უნდა შევზღუდოთ. ლეგენდარულმა ინვესტორმა ერთხელ საზოგადოებას ურჩია: „საკუთარ თავში ინვესტირება არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ჩადეთ ინვესტიცია ყველაფერში, რაც თქვენს ნიჭს აუმჯობესებს“.
რა არის კარგი საწყისი წერტილი „საკუთარ თავში ინვესტირებისთვის“? ბაფეტისთვის, რომელიც ცოდნის დაგროვებას არასოდეს წყვეტს, არსებობს მისი ყოფილი პარტნიორის — ჩარლი მანგერის ერთი მარტივი სტრატეგია, რომელსაც ლეგენდარული ინვესტორი ერთგულად მიჰყვება: „ყოველდღე იმაზე ჭკვიანი დაწექით დასაძინებლად, ვიდრე დილას იყავით“. ომაჰას ორაკული (ბაფეტს ხშირად ასეც მოიხსენიებენ) ამ იდეას მთელი ცხოვრების განმავლობაში იყენებს უზარმაზარი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად — იგი სამუშაო დღის 80%-ს კითხვასა და ფიქრში ატარებს.
კომუნიკაცია თქვენს ფასეულობას ზრდის
საკუთარ თავში ინვესტირების ვარიანტების შესამცირებლად, ბაფეტმა წარსულში განაცხადა, რომ კომუნიკაციური უნარების განვითარებაში ინვესტირებას შეუძლია „თქვენი ფასეულობა 50%-ით გააუმჯობესოს“. ამ საკითხის შესახებ საუბრისას მან ერთხელ თქვა: „შესაძლოა მსოფლიოში არსებულ მთელ გონებრივ ძალას ფლობდეთ, მაგრამ მისი სხვისთვის გადაცემა უნდა შეგეძლოთ და ეს სწორედ კომუნიკაცის საშუალებით მიიღწევა“.
მილიარდერმა საჯაროდ აღიარა, რომ ოდესღაც საჯარო გამოსვლები ძალიან აშინებდა, მაგრამ დეილ კარნეგთან საჯარო გამოსვლების კურსის გავლამ მისი ცხოვრება შეცვალა.
ამ საკითხთან დაკავშირებით American Journal of Small Business-ის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევა მიზნად ისახავდა გაერკვია, მცირე ბიზნესის მფლობელების აზრით, რა იყო წარმატებული მეწარმეობის ძირითადი ფაქტორები. სიის სათავეში კი ზეპირი კომუნიკაცია და მოსმენა აღმოჩნდა.
წერითი კომუნიკაციური უნარები
დაბოლოს, ვერ უგულებელვყოფთ წერით კომუნიკაციურ უნარებს, რადგან ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. აშშ-ის National Commission on Writing-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებში ნათქვამია: „ამერიკული ბიზნესები ყოველწლიურად $3.1 მილიარდს ხარჯავს, რათა თანამშრომლებს წერითი კომუნიკაციური უნარები განუვითაროს. ფინანსების, დაზღვევის, უძრავი ქონების და სერვისების მიმართულებით მოღვაწე კომპანიების მინიმუმ 80% დაქირავების პროცესში წერის უნარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“.
ბობ კერიმ, კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა: „წერა მაღალკვალიფიციური, მაღალანაზღაურებადი უნარია. ადამიანები, რომლებსაც წერითი კომუნიკაციის საშუალებით მოსაზრების მკაფიოდ გამოხატვა არ შეუძლიათ, დასაქმებისას საკუთარ თავს ზღუდავენ“.
ახლა კი დავბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ. უორენ ბაფეტის უწყვეტი სწრაფვა საკუთარ თავში და კონკრეტულად კომუნიკაციურ უნარებში ინვესტირებისკენ უნდა იყოს მაგალითი ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის. ეს შეიძლება გახდეს თქვენი წარმატების საიდუმლოც მიუხედავად იმისა, თუ რა საქმიანობით ხართ დაკავებული.