ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Levi Strauss-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი მსოფლიოში შარვლების უმსხვილესი მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 16%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში Levi Strauss-ის შემოსავალი წლიურად 8%-ით — $1.44 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.44 მილიარდს.
კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.16-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.11). თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი EPS $0.04-ს გაუტოლდა.
გასულ კვარტალში Levi Strauss-მა დააფიქსირა რეკორდული მთლიანი მოგების მარჟა —60.5%, რამაც გამოიწვია მოგების გაუმჯობესება. ეს ფაქტი მენეჯმენტმა მიაწერა კომპანიის ფოკუსირებას DTC (პირდაპირ მომხმარებლებზე) გაყიდვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა უფრო სწრაფად, ვიდრე მთლიანი გაყიდვები, ის აშკარად განაპირობებს უფრო ძლიერ მოგების მარჟას. ასე რომ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც Levi Strauss-ისთვის ნამდვილად გაამართლა.
აღსანიშნავია, რომ DTC გაყიდვებზე ფოკუსირებამ კომპანიის თავისუფალი ფულადი ნაკადების (FCF) ზრდა გამოიწვია. ჯერჯერობით, მიმდინარე წლის განმავლობაში Levi-მ $437 მილიონის ოდენობით FCF გამოიმუშავა (2023 წელს — -$66 მილიონი).
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Levi Strauss-ის აქციებს?
Levi Strauss-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $20.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $23.10-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $28.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Levi Strauss-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Levi Strauss-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.