გუშინ, ბაზრის გახსნამდე, JD.com-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჩინური ელექტრონული კომერციის კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული.
ძლიერი შედეგები განაპირობა იმან, რომ კვარტლის განმავლობაში JD.com-მა მომხმარებლები დაბალი ფასებით მოიზიდა და, ამავდროულად, ხარჯების შემცირება შეძლო.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში ელექტრონული კომერციის კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 1.7%-ით — $34.2 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს დაახლოებით $237 მილიონით გადააჭარბა.
გარდა ამისა, გასულ კვარტალში JD.com-ის მომგებიანობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია — კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.92 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.80). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS კი $0.69 იყო და ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.65-ს ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა.
JD.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — სენდი ქსუმ კომპანიის ძლიერი კვარტალური შედეგები მიაწერა პროაქტიულ ძალისხმევას ფასების კონკურენტუნარიანობისა და პლატფორმის ეკოსისტემის გაზრდის მიზნით, ისევე როგორც JD.com-ის მიწოდების ჯაჭვის უპირატესობებს.
ჩინური კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა — იან სუ შანმა განმარტა, რომ JD.com განაგრძობს ბაზრის წილის გაფართოებას საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის ძირითად კატეგორიებში.
JD.com-მა კვლევისა და განვითარების ხარჯები 7.8%-ით შეამცირა, ხოლო ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები — 5.6%-ით.
JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $28.60-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $44.34-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 55%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.