გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Kroger-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ დროებით წყვეტს აქციების გამოსყიდვას, რადგან ის კონკურენტი Albertsons-ის $24.6 მილიარდად შეძენისთვის მარეგულირებელი ორგანოებისგან დასტურის მიღებაზე მუშაობს. თავდაპირველად საცალო ვაჭრობის ამერიკული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, მაგრამ საბოლოოდ, სავაჭრო დღე მან 3%-იანი კლებით დაასრულა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით არის გაუმჯობესებული.
სუპერმარკეტების ქსელის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია დროებით აჩერებს აქციების გამოსყიდვას, რათა „deleveraging“-ზე1 ფოკუსირდეს გარიგების დასრულებამდე, რომელიც, მარეგულირებლების აზრით, პოტენციურად კონკურენციას ზღუდავს. აპრილში, ეს ორი კომპანია შეთანხმდა მეტი ლოკაციის გაყიდვაზე, რისი მიზანიც მარეგულირებელი ორგანოებისგან დასტურის მიღება იყო.
კვარტალური შედეგები
გასულ კვარტალში Kroger-ის შემოსავალი წლიურად 0.2%-ით — $45.27 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $44.93 მილიარდს. ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები2, საწვავის გამოკლებით, 0.5%-ით გაიზარდა. Kroger-ის მენეჯმენტმა დასძინა, რომ ციფრული გაყიდვები წლიურად 8%-ზე მეტით გაუმჯობესდა, ამასთან მიწოდებისა და pickup3 ვარიანტებმა ერთად ორნიშნა პროცენტული ზრდა დააფიქსირა.
ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.29 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩა როგორც გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს — $1.32-ს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.40-ს. თუმცა კორექტირებულმა EPS-მა $1.43-ს მიაღწია, რამაც უოლ სტრიტის მოლოდინს $0.06-ით გადააჭარბა.
Kroger-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — როდნი მაკმულენმა განაცხადა, რომ კომპანიის სასურსათო ბიზნესმა მოსალოდნელზე უკეთესი წარმადობა დააფიქსირა. როდნიმ აღნიშნა, რომ Kroger-მა დაბალი ფასებით და პერსონალიზებული აქციებით ისარგებლა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Kroger-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მეორე კვარტალში კორექტირებული მოგების შემცირებაა მოსალოდნელი. „ჩვენ ველით, რომ ფარმაცევტული ბიზნესის მომგებიანობაზე ზეწოლა მეორე კვარტალშიც გაგრძელდება“ — თქვა ფინანსურმა დირექტორმა, ტოდ ფოლიმ.
გარდა ამისა, Kroger-ის მენეჯმენტმა მთელი წლის პროგნოზები შეინარჩუნა. კომპანიაში მოელიან, რომ წლიური EPS $4.30-$4.50-ს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი — $4.44 6.8%-ით ჩამოუვარდება გასული წლის შედეგს, თუმცა აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $4.40-ს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Kroger-ის აქციებს?
Kroger-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $50.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $59.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $70.00-ს, ხოლო მინიმალური — $48.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Kroger-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Kroger-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] „Deleveraging” გულისხმობს სიტუაციას, როდესაც კომპანია ან ინდივიდი ცდილობს შეამციროს თავისი მთლიანი ფინანსური ბერკეტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ვალის შემცირება. ერთეულის „deleveraging”-ის ყველაზე პირდაპირი გზა მის ბალანსზე არსებული დავალიანების და ვალდებულებების დაუყოვნებლივ გადახდაა.
[2] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებენ, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.
[3] როდესაც ნივთს ინტერნეტის საშუალებით ყიდულობთ და შემდეგ ის მაღაზიიდან თავად გამოგაქვთ.