ინვესტორების უმეტესობა გარკვეულ გადაწყვეტილებებს ნანობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოსმენილი დიდი წუხილის მიზეზია Tesla-ს აქციების ადრეულ ეტაპზე ყიდვის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება.
ბევრი ირწმუნება, რომ თუ ბაზარი ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ყიდვის კიდევ ერთ კარგ შესაძლებლობას შესთავაზებს, ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს. და როდესაც Tesla-ს აქციების ფასი მისი 12-თვიანი მაქსიმუმიდან დაახლოებით 30%-ით შემცირდა, ინვესტორები აღფრთოვანებულნი არიან.
თუმცა, არ უნდა იჩქაროთ ტესლას აქციების ყიდვა მანამ, სანამ ამ ორ ნიშანს არ დაინახავთ.
- მოგების მდგრადობის მტკიცებულება
2020 წელს თავისი პირველი მომგებიანი წლის შემდეგ, კომპანიამ 2021 წელი დამაბრმავებელი შედეგებით დაასრულა – შემოსავალი 71%-ით – $53.8 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგება 665%-ით – $5.5 მილიარდამდე. Tesla-ს ძლიერი წარმადობა 2020 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა და მან კიდევ უფრო მაღალი შემოსავალი და წმინდა მოგება გამოიმუშავა. ეს ძალიან შესამჩნევი ცვლილებაა თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ელექტრომობილების მწარმოებელი კინაღამ რამდენჯერმე გაკოტრდა.
მიუხედავად ამისა, რთულია იმის თქმა, შეუძლია თუ არა ტესლას დარჩეს მომგებიანი, მისი მომგებიანობის მოკლე ისტორიის გათვალისწინებით. ეკონომიკური ვარდნის შემთხვევაში, შესაძლოა, ასეთი მოგება სწრაფად აორთქლდეს. აშშ-ის მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინფლაციის მაჩვენებელი 12 თვის განმავლობაში (მოიცავს პერიოდს 2022 წლის ივნისის ჩათვლით), რომელმაც 1981 წლის შემდეგ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.
მაღალი ინფლაცია Tesla-ზე უარყოფითად მრავალი გზით იმოქმედებს. ერთი გზა ის არის, რომ მომხმარებლები დისკრეციული პროდუქტების მიმართულებით ხარჯვას შეამცირებენ. გარდა ამისა, ინფლაციური გარემო ზრდის საპროცენტო განაკვეთებს, რაც ადამიანებისთვის მანქანის შესაძენად სესხის აღებას აძვირებს.
ასევე, ელექტრომობილების ბაზარზე კონკურენცია გააქტიურდა. მოქმედი კომპანიები – General Motors და Ford, ამასთან, ფირმები, რომლებიც მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებს, როგორიც არის BYD ბაზარზე წილების მოსაპოვებლად იბრძვიან. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ტესლა ამ კონკურენტულ გარემოში საკუთარი ბაზრის წილის შენარჩუნებას შეძლებს. მაშინაც კი, თუ ის გაყიდვების მოცულობის შენარჩუნებას ან თუნდაც გაზრდას მოახერხებს, არსებობს რისკი, რომ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ფასების შემცირება გახდება საჭირო, რაც გავლენას იქონიებს კომპანიის მარჟაზე, საბოლოო ჯამში კი – მომგებიანობაზე.
აქედან გამომდინარე, ინვესტორებს Tesla-ს მომგებიანობის მდგრადობის შესახებ მეტი დასტური სჭირდებათ, რასაც მომდევნო რამდენიმე კვარტალური ანგარიში გამოავლენს.
- ღირებულება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს
მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი მოგების მქონე დიდი კომპანიის პოვნა უმნიშვნელოვანესია, თანაბრად მნიშვნელოვანია მისი აქციების სამართლიან ფასად შეძენა. აქციებში ზედმეტი საფასურის გადახდა პოტენციურ შემოსავალს ამცირებს. უფრო მეტიც, კომპანიის რეალური ღირებულების დადგენა ზუსტი მეცნიერება არ არის და არც მარტივია.
ტესლას შეფასების გადახედვის მრავალი გზა არსებობს. ყველაზე მარტივი არის მისი შეფასების კოეფიციენტების შედარება იმავე მაჩვენებლებთან სხვა ისეთი საავტომობილო კომპანიებისა, როგორიც არის, მაგალითად, GM. ტესლას P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი 15.1-ს შეადგენს, ხოლო P/E (ფასი/მოგება) – 107.4. GM-ის იგივე კოეფიციენტები, შესაბამისად, არის 0.4 და 6.9.
ინვესტორები, რომლებიც Tesla-ს აქციებს ყიდულობენ ამ შედარებას არ დაეთანხმებიან, რადგან ისინი ამ კომპანიას უფრო ტექნოლოგიურად განიხილავენ, ვიდრე მანქანების ძველ მწარმოებლებს. მაშინაც კი, თუ Tesla-ს შევადარებთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორიც არის Alphabet (P/S = 5.7; P/E = 21.7), ვნახავთ, რომ პირველის შეფასება მაინც ბევრად მაღალია.
რატომ უნდა მოიცადონ ინვესტორებმა Tesla-ში ინვესტირებამდე
ეჭვგარეშეა, რომ ტესლა შესანიშნავი კომპანიაა. ის არსაიდან გაჩნდა და წლების განმავლობაში ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერად იქცა. თუმცა, იმისთვის რომ ეს მყარი ინვესტიცია გახდეს, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მდგრადი მოგება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ინვესტორებს მისი აქციებისთვის ზედმეტის გადახდა არ უნდა მოუწიოთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გონივრული იქნება, თუ Tesla-ში ინვესტირების გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ რამდენიმე კვარტლის შედეგებს დაველოდებით.