შესაძლოა, ამ დღეებში რკინის მომპოვებელი კომპანიების აქციებს ინვესტორების მხრიდან დიდი ყურადღება არ მიექცეს, მაგრამ რკინის მოპოვება და გადამუშავება ჯერ კიდევ უზარმაზარი ინდუსტრიაა. რკინა არის ძირითადი ინგრედიენტი ფოლადისა, რომელიც მსოფლიო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის ძირითად კომპონენტს შეადგენს.
საქონლის ფასების ზრდასთან ერთად, მიწოდების ჯაჭვის შეფერხების და კოვიდ-19-ის პანდემიის სხვა გამოწვევები გამო, შეიძლება გაინტერესებთ, არის თუ არა ახლა რკინის მომპოვებელ კომპანიებში ინვესტირებისთვის შესაფერისი დრო.

BHP Group
თუ დიდ და დივერსიფიცირებულ კომპანიას ეძებთ BHP Group თქვენთვის არის. ოპერაციებით ფოლადის მწარმოებელ საქონელში, როგორიც არის რკინა, მეტალურგიული ქვანახშირი და მაღალტექნოლოგიური საბაზისო ლითონები (სპილენძი და ნიკელი), BHP-ს ზრდის მრავალი ბერკეტი გააჩნია.
ფისკალურ 2021 წელს კომპანიამ 253.3 ტონა რკინის მადნეული აწარმოა, რომელიც ინფრასტრუქტურისა და წარმოებისთვის გამოიყენება. ეს BHP-ს რკინის მადნის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად აქცევს. მენეჯმენტი ამბობს, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე დაბალფასიანი რკინის საბადო კომპანია, რაც მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან მას კონკურენტებთან შედარებით უფრო ფართო მარჟის გამომუშავება შეუძლია. მასალების კომპანიების უმეტესობის მსგავსად, BHP-მა პანდემიის დროს საქონლის ფასების მატებით ისარგებლა და ფისკალურ 2021 წელს შემოსავალი 42%-ით – $60.8 მილიარდამდე, ხოლო წმინდა შემოსავალი 42%-ით – $11.3 მილიარდამდე გაიზარდა. BHP-ს დივიდენდები წარმადობის მიხედვით იცვლება, მაგრამ ამჟამად დივიდენდური სარგებელი 10.1%-ს შეადგენს. თუ საქონლის ფასები შემცირდება, ეს მაჩვენებელიც, სავარაუდოდ, დაეცემა.
Rio Tinto
BHP-ს მსგავსად, Rio Tinto არის დიდი და მრავალფეროვანი კომპანია, რომელიც ფოკუსირებულია ექსკლუზიურად ლითონებისა და მინერალების მოპოვებაზე, როგორიც არის ბრილიანტები. რკინის მადანი კომპანიის $63.5 მილიარდის მოცულობის გაყიდვების თითქმის ორ მესამედს შეადგენდა, რამაც მთლიანი შემოსავლის 42%-იანი ზრდა გამოიწვია.
რკინის საბადოში მოცულობა ოდნავ შემცირდა 333.4 მილიონი ტონიდან 319.7 მილიონ ტონამდე, მაგრამ რკინისგან მიღებული შემოსავალი, მაღალი ფასების წყალობით, $27.5 მილიარდიდან $39.6 მილიარდამდე გაიზარდა.
2020 წელს კომპანიამ 4,000 წლის წინანდელი აბორიგენული ადგილი ააფეთქა და ამჟამინდელი მენეჯმენტი ამ სკანდალის შემდეგ კომპანიის იმიჯის გამოსწორებაზეა ორიენტირებული. Rio Tinto-ს დივიდენდური ანაზღაურება 11.2%-ს შეადგენს.
Vale
2021 წელს Vale-ის შემოსავლის 85% შავ მინერალებზე ან რკინაზე დაფუძნებულ მეტალებზე მოდიოდა, რომელთა უმეტეს ნაწილს რკინის მადანი შეადგენდა. მისი შემოსავლის უმეტეს ნაწილს სპილენძი და ნიკელი შეადგენდა.
კონკურენტების მსგავსად, Vale-მა საქონლის ფასების ზრდით ისარგებლა, 2021 წელს შემოსავალი 38%-ით – $54.5 მილიარდამდე გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით საოპერაციო შემოსავალი გაორმაგდა და $27.7 მილიარდს მიაღწია.
მას შემდეგ, რაც 2019 წელს ბრაზილიაში Vale-ის ბრუმადინიოს კაშხალი ჩამოინგრა და 270 ადამიანი დაიღუპა, მენეჯმენტმა ყურადღება უსაფრთხოებაზე გაამახვილა. ამ უბედურმა შემთხვევამ კომპანიას ფინანსური, იურიდიული და რეპუტაციული ზიანი მიაყენა, კაშხალზე პასუხისმგებელი უფროსი მენეჯერები დააკავეს. შედეგად, Vale 30 კაშხლის ექსპლუატაციას წყვეტს და 2025 წლისთვის მაღალი დაზიანებების რისკის ნულამდე შემცირებას ისახავს მიზნად.
Vale-ის დივიდენდური სარგებელი 13.6%-ს აღწევს.
Anglo American
Anglo American-ის საქმიანობა საკმაოდ დივერსიფიცირებულია – კომპანიას ოთხი ბიზნეს სეგმენტი გააჩნია: ბრილიანტები, ძირითადი ლითონები (მათ შორის სპილენძი და ნიკელი), პლატინა და მასთან დაკავშირებული ლითონები, ასევე, მეტალები, როგორიც არის რკინა.
2021 წელს ეს უკანასკნელი სეგმენტი ყველაზე მომგებიანი იყო და მთლიანი $20.6 მილიარდიდან $8.1 მილიარდი EBITDA (მოგება საპროცენტო ხარჯების, გადასახადების და ცვეთა/ამორტიზაციის გადახდამდე) შეადგინა. კომპანიას საქონლის ფასების ზრდაც დაეხმარა. გასულ წელს EBITDA გაორმაგდა, თითქმის მთელი ზრდა, ანუ $10.2 მილიარდი ფასების ზრდამ განაპირობა.
Anglo American-მა გასულ წელს ინვესტორები ორი სპეციალური დივიდენდით დააჯილდოვა და ამ სახით აქციონერებს მთლიანობაში $5.2 მილიარდი დაუბრუნა. ამჟამად კომპანიის დივიდენდური სარგებელი 6.5%-ს შეადგენს. კომპანია წელს Quallaveco-ის სპილენძის მაღაროს გახსნას გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, ყოველწლიურად 400,000 ტონაზე მეტ სპილენძს გამოიმუშავებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ მაღარო განახლებად ენერგიას გამოიყენებს.
ArcelorMittal
ლუქსემბურგში დაფუძნებული ArcelorMittal ევროპაში ფოლადის უდიდესი მწარმოებელია, ხოლო მსოფლიოში – ერთ-ერთი უდიდესი. გასულ წელს კომპანიამ 69.1 მილიონი ტონა ფოლადი და 50.9 მილიონი ტონა რკინის მადნეული გამოუშვა. მიუხედავად იმისა, 2021 წელს რომ წარმოება რეალურად დაეცა კომპანიის აშშ-ის ოპერაციების გაყიდვის გამო, შემოსავალი 44%-ით – $76.6 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ფასების ზრდამ გამოიწვია.
როგორც ფოლადის ბაზრის ლიდერს, ArcelorMittal-ს მრავალი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. საავტომობილო ფოლადის მიმართულებით კომპანიას საწარმოო ობიექტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს, რაც დიდი უპირატესობაა, რადგან ამ მასალების ტრანსპორტირება შეიძლება ძვირი იყოს. ფოლადის მწარმოებლების უმეტესობისგან განსხვავებით, ArcelorMittal რკინის მოპოვების საკუთარ ოპერაციებთან ვერტიკალურად არის ინტეგრირებული (ვერტიკალური ინტეგრაცია არის სტრატეგია, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს დააჩქაროს თავისი ოპერაციები წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპებზე პასუხისმგებლობის აღებით, გარე კონტრაქტორებზე ან მომწოდებლებზე დაყრდნობის ნაცვლად), რაც კომპანიას მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს. ვერტიკალური ინტეგრაცია, ასევე, შესყიდვებსა და ლოჯისტიკური ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს.
მაღალი ფასების წყალობით, ArcelorMittal-მა 2021 წელი თითქმის $15.6 მილიარდის ტოლი წმინდა შემოსავლით დაასრულა, რაც მას ზრდაში ინვესტირებისა და აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნების საშუალებას აძლევს.
Cleveland-Cliffs
Cleveland-Cliffs არის ჩრდილოეთ ამერიკაში დაპრესილი ფოლადისა და რკინის მადნის ყველაზე დიდი მწარმოებელი. ArcelorMittal-ის მსგავსად, Cleveland-Cliffs ვერტიკალურად არის ინტეგრირებული, ნედლეულის მოპოვებიდან ფოლადის წარმოებამდე და საბოლოო პროცესებამდე. გარდა ამისა, კომპანია ჩრდილოეთ ამერიკის ავტოინდუსტრიაში ფოლადის უდიდესი მიმწოდებელია.
გასულ წელს კომპანიამ 27 მილიონი ტონა რკინის მადნეული მოიპოვა, რაც ამ სიის სხვა კომპანიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლებია. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ რკინის მოპოვება კონცენტრირებულია მსოფლიოს სხვა ნაწილებში, როგორიც არის ავსტრალია და სამხრეთ ამერიკა, ხოლო Cleveland-Cliffs-ს მაღაროები მხოლოდ მიჩიგანსა და მინესოტაში აქვს. გასულ წელს ცხლად დაპრესილი ფოლადის ფასები 174%-ით გაიზარდა და ტონაზე საშუალოდ $1,573 შეადგინა. ასევე, კომპანიამ 2020 წლის ბოლოს ArcelorMittal USA შეიძინა, რამაც გასულ წელს შემოსავლების თითქმის ორჯერ – $20.4 მილიარდამდე გაზრდას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, 2020 წლის მოკრძალებული ზარალის შემდეგ კომპანიამ $3 მილიარდის ტოლი წმინდა შემოსავალი დააფიქსირა. ArcelorMittal-თან გარიგება ორივე კომპანიისთვის სასარგებლო უნდა იყოს, რადგან ეს Cleveland-Cliffs-ს ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, ხოლო ArcelorMittal-ს დანარჩენ მსოფლიოზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით Cleveland-Cliffs, დივიდენდებს არ იხდის.
თუ დივიდენდური ან ღირებულებითი აქციების მოყვარული ხართ, ამ კომპანიებში ინვესტირება, შესაძლოა, თქვენთვის კარგი არჩევანი იყოს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სექტორი საქონლის ფასების მიმართ მგრძნობიარეა და სავარაუდოა, რომ რეცესია განიცადოს.