საფონდო ბირჟა მრავალ ინვესტორს წლების განმავლობაში დიდი სიმდიდრის დაგროვებაში დაეხმარა. S&P 500-ის (ინდექსი, რომელიც აშშ-ის 500 უმსხვილე საჯარო კომპანიას მოიცავს) საშუალო წლიური ანაზღაურება ბოლო 50 წლის განმავლობაში 11.13%-ს შეადგენდა. ასეთი უკუგების პირობებში, 50 წლის წინ ერთჯერადად $10,000 რომ დაგებანდებინათ, დღეს თქვენი ინვესტიცია დაახლოებით $2 მილიონამდე იქნებოდა გაზრდილი.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საფონდო ბირჟა ყოველწლიურად არ იზრდება. როგორც წესი, S&P 500-ის წარმადობა, ყოველი 10-დან 3 წელიწადის შემთხვევაში ეცემა. ზოგიერთი ვარდნა შეიძლება საკმაოდ ძლიერი იყოს. მაგრამ თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირდებით, შესაძლოა, საკმაოდ დიდი შემოსავლის გამომუშავება შეძლოთ.
აქციებში ინვესტირების უპირატესობები
აქციებში ინვესტირებას ბევრი სარგებელი მოაქვს. მოდით, ყურადღება ზოგიერთ მათგანზე გავამახვილოთ:
მაღალი ანაზღაურების მიღების პოტენციალი
ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადამიანების უმეტესობა აქციებში ინვესტირებას მიმართავს, არის პოტენციურად მაღალი ანაზღაურება ისეთ ალტერნატივებთან შედარებით, როგორებიც არის საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოქრო და სახაზინო ობლიგაციები. მაგალითად, 1926 წლიდან აშშ-ის საფონდო ბირჟის საშუალო წლიური ანაზღაურება ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ს შეადგენდა, ამავე პერიოდში კი გრძელვადიანი სახელმწიფო ობლიგაციების ყოველწლიური უკუგება 5%-6%-ს უტოლდებოდა.
თქვენი ფულის ინფლაციისგან დაცვის შესაძლებლობა
გრძელვადიან პერსპექტივაში, აქციების წარმადობა, ისტორიულად, ინფლაციის დამარცხების საშუალებას იძლევა. აქციების ფასები იმატებს, რადგან კომპანიები ზრდიან თავიანთ შემოსავალს და, შესაბამისად, საკუთარ ღირებულებას. საფონდო ბირჟის, როგორც ინფლაციის წინააღმდეგ ერთგვარ ფარად გამოყენების ეფექტიანობა შეიძლება დამოკიდებული იყოს კონკრეტულ ეკონომიკურ პირობებზე და ინფლაციის სიმძიმეზე. მიუხედავად იმისა, რომ აქციებს ჰეჯირების პოტენციალი გააჩნია, ინვესტორებმა გულდასმით უნდა გაითვალისწინონ ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის რისკისადმი შემწყნარებლობის დონე, საინვესტიციო მიზნები, დროის ჰორიზონტი და ა. შ.
რეგულარული პასიური შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობა
ბევრი კომპანია აქციონერებს თავის მოგებას უნაწილებს და მათზე დივიდენდებს გასცემს. ფირმების უმრავლესობა დივიდენდებს კვარტალურად იხდის, თუმცა არსებობს კომპანიებიც, რომლებიც აქციონერებს მოგებას ყოველთვიურად უნაწილებენ. დივიდენდები შეიძლება ინვესტორებს სტაბილური პასიური შემოსავლის გამომუშავებაში დაეხმაროს.
ლიკვიდურობა
აქციების უმეტესობა საჯაროდ, მთავარ საფონდო ბირჟებზე მიმოიქცევა, რაც მათ ყიდვა/გაყიდვას ამარტივებს. გარდა ამისა, ეს მათ უფრო ლიკვიდურ ინვესტიციად აქცევს სხვა საინვესტიციო პროდუქტებთან შედარებით, როგორიც არის, მაგალითად, უძრავი ქონება.
დივერსიფიკაცია
თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ დივერსიფიცირებული პორტფელი მრავალი სხვადასხვა ინდუსტრიის აქციების შეძენის საშუალებით. ეს დაგეხმარებათ, თქვენი საერთო საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციაშიც, რომელიც აქციების გარდა, შეიძლება მოიცავდეს უძრავ ქონებას, ობლიგაციებს და ა. შ.
მცირედ დაწყების შესაძლებლობა
დღევანდელი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, სასურველი კომპანიის აქციონერი სახლიდან გაუსვლელად, მცირე თანხითაც კი გავხდეთ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკში წილადობრივი აქციების შეძენის საშუალება არსებობს, შეგიძლიათ ინვესტირება მარტივად და სწრაფად, ღილაკზე თითის სულ რამდენიმე დაჭერით, $1-დანაც კი დაიწყოთ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.