გასულ კვირაში მრავალი ინვესტორის ყურადღება აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის (FOMC) შეხვედრისკენ იყო მიმართული. თუმცა მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც — აშშ-ის ცენტრალური ბანკის (Fed) ზოგიერთმა კოლეგამ საპროცენტო განაკვეთები შეამცირა.
ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე Fed-მა საპროცენტო განაკვეთები უცვლელად შეინარჩუნა, ხუთშაბათს კი, შვეიცარიისა და მექსიკის ცენტრალურმა ბანკებმა ამ მაჩვენებლის შემცირება დააანონსეს.
გასულ კვირაში, Fed-თან ერთად, საპროცენტო განაკვეთები უცვლელად ინგლისის ცენტრალურმა ბანკმაც დატოვა.
ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკა კი უნიკალურ გამოწვევებს აწყდება — მაგალითად, იაპონიის ბანკმა 2007 წლის შემდეგ პირველად გაზარდა საპროცენტო განაკვეთები. ამ გადაწყვეტილებამ დაასრულა უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების ეპოქა, რომელსაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები სტაგნაციური ეკონომიკის გასაძლიერებლად იყენებდნენ.
ინფლაციის შემსუბუქების ფონზე, ცენტრალური ბანკების სტრატეგიები განსხვავებულია
ინფლაციის დონის ზრდის პერიოდში, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ერთმანეთს დაახლოებით ემთხვეოდა. თუმცა, Bank of America-ს ეკონომისტების აზრით, ფასების ზრდის შენელებასთან ერთად, ცენტრალური ბანკების სტრატეგიები უფრო განსხვავებული გახდა.
პანდემიით გამოწვეული ვარდნისგან აღდგენის პერიოდში შვეიცარიაში ინფლაცია ისე არ გაზრდილა, როგორც აშშ-სა და ინგლისში. გასულ წელს ქვეყანაში ამ მაჩვენებელმა 2.1%-ით მოიმატა მაშინ, როდესაც აშშ-ში ფასები 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო ინგლისში — 4%-ით.
გარდა ამისა, შვეიცარიის მთავრობა მოელის, რომ წელს ქვეყანაში ინფლაციის დონე 1.4%-მდე შემცირდება, ხოლო Fed-ის ოფიციალური პირების პროგნოზით, აშშ-ში, დროის იმავე მონაკვეთში, ეს მაჩვენებელი 2.4%-მდე დაიკლებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინფლაციის ზრდის პერიოდში შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა ასევე განსხვავებული მიდგომა გამოიყენა. Fed-მა, დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთები 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა, შვეიცარიაში კი 1-წლიან პერიოდში ამ მაჩვენებლის ზრდამ მხოლოდ 2.5% შეადგინა. ხუთშაბათს დაანონსებული გადაწყვეტილება კი ბოლო, 9 წლის განმავლობაში, შვეიცარიის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების პირველი შემთხვევა იქნება.
მექსიკა, თავის მხრივ, განვითარებადი ქვეყანაა. BMO ბანკის ეკონომისტი — დუგლას პორტერი ამბობს, რომ მექსიკამ, ბრაზილიის მსგავსად, ინფლაციის ზრდის საწყის ეტაპზევე სწრაფად იმოქმედა. ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა დაუყოვნებლივ და ინტენსიურად დაიწყო ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლის გაზაფხულზე, რის შედეგადაც შარშან საპროცენტო განაკვეთების შემცირება უკვე შესაძლებელი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ საპროცენტო განაკვეთებს ჯერჯერობით არ ამცირებს, ოთხშაბათს ჩატარებულ შეხვედრაზე Fed-ის ოფიციალურმა პირებმა წლის ბოლომდე ამ მაჩვენებლის 0.75%-ით დაწევის პროგნოზი შეინარჩუნეს.